ბორელი პუტინის დაკავების ორდერზე: დაუსჯელობა დაუშვებელია, ეს პროცესის დასაწყისია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა კომენტარი გააკეთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე.

შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე 17 მარტს დაწერა.

"ICC-ის გადაწყვეტილება, გამოსცეს ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან და რუსეთში გადაყვანასთან, არის სამართლებრივი პროცესის დასაწყისი", - თქვა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აფასებს და მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას.

"დაუსჯელობა დაუშვებელია", - აღნიშნა ბორელმა.

კონტექსტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია. პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი.

სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.

მსგავსი სიახლეები