ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გააორმაგონ უკრაინის სამხედრო დახმარება

ევროკავშირის ქვეყნები უპირობოდ მზად არიან გააგრძელონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ მათზე ზეწოლა უნდა მოხდეს, რათა კიევს სასწრაფოდ გაუწიონ დახმარება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა სამშაბათს, 13 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში განაცხადა.

"ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევის სიტუაციით სარგებლობა, მათ მიაღწიეს ბევრად დიდ წარმატებას, ვიდრე ჩვენ თვითონ ველოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრატეგია, რომელიც თავიდანვე ავირჩიეთ, სწორია. ახლა ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და არ დავაყოვნოთ", - აღნიშნა ბორელმა. "პუტინი ვარაუდობს, რომ სუსტი და მყიფე დემოკრატიები ზამთარში შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას გაზის, სიცივის, მაღალი ფასების გამო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, რადგან ვხედავთ, რომ ეფექტურია".

მან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდა, არ შეასუსტონ ეს მხარდაჭერა. დარბაზმა განცხადებას ტაშით უპასუხა.

"როდესაც პუტინმა ომი დაიწყო ვინ იფიქრებდა, რომ ექვსი თვის შემდეგ რუსული არმია თავდაცვაში იქნებოდა და უკან დაიხევდა? ეს შესაძლებელი გახდა უპირველეს ყოვლისა უკრაინელების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნისადმი ერთგულების და მეორეც ჩვენი დახმარების წყალობით", - ხაზი გაუსვა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებმა უკეთ უნდა გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის დაპირებული იარაღის მისაწოდებლად. მისი თქმით, იარაღის მიწოდების შეფერხება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. მან აღნიშნა, რომ ახლა ახალი მექანიზმი ამოქმედდება, რომელიც ამ პროცესებს დააჩქარებს.

ბორელმა თქვა, რომ ისტორიაში პირველად ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი რესურსების მობილიზება ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად და ამ დახმარებისთვის ბიუჯეტი ევროკავშირის მთავრობათაშორისი ფონდიდან გამოიყო.

"ჩვენ დაუღალავად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და დავეხმარებით მას მიაღწიოს მიზნებს, რაც მოიცავს არა მხოლოდ მისი ტერიტორიის სრულ განთავისუფლებას, არამედ ბრძოლის გაგრძელებას მანამ, სანამ რუსეთი არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინის განადგურებაზე," - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.

მსგავსი სიახლეები