ბორელმა საფრანგეთში ჩინეთის ელჩის სკანდალურ განცხადებებს მიუღებელი უწოდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა მიუღებელი უწოდა საფრანგეთში ჩინეთის ელჩის, ლუ შაის განცხადებებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სტატუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

"საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს, მიუღებელია. ევროკავშირს შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს, რომ ეს განცხადებები არ არის ჩინეთის ოფიციალური პოლიტიკა." - აცხადებს ბორელი.

კონტექსტი

ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს "არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში", რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მათი, როგორც სუვერენული ქვეყნის სტატუსს მატერიალიზებას ახდენს. ასევე კითხვაზე, თვლის თუ არა ის ყირიმს უკრაინის ტერიტორიად, ელჩმა თქვა, რომ "ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ პრობლემას" და აღნიშნა, რომ "ეს არც ისე მარტივია."

ჩინელი დიპლომატის განცხადებებს საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო მწვავედ გამოეხმაურა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩი დაიბარეს და საფრანგეთში ჩინელი დიპლომატის კომენტარებზე ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განმარტა, რომ საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ენდობიან ჩინეთს, როგორც "შუამავალს" უკრაინის ომის დასრულების საქმეში.

საფრანგეთმა შეშფოთება გამოთქვა პარიზში ჩინეთის ელჩის განცხადების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები