ბრინკი: უკრაინელი სამხედროები თავად განსაზღვრავენ HIMARS-ის მოქმედების დიაპაზონს
უკრაინელი სამხედროები თავად გადაწყვეტენ, რა მანძილზე ისვრიან HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ახალმა ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრინკმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომ HIMARS სისტემების მიწოდება გათვალისწინებულია დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 ივნისს გამოაცხადა.
ეს სისტემები უკრაინელ სამხედროებს უფრო შორ მანძილზე, უფრო ზუსტი დარტყმების განხორციელებაში დაეხმარება, აღნიშნა მან.
"ზუსტ დისტანციას თავად უკრაინული ძალები განსაზღვრავენ", - დასძინა ელჩმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 1 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა ამერიკული მხარე, რომ უკრაინული სამხედროები არ გამოიყენებდნენ აშშ-ს შორ მანძილზე მსროლელ სისტემა HIMARS-ს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად.
უკრაინისთვის ახალი, 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტზე განცხადება პენტაგონმა 1 ივნისს გააკეთა.