ბრიტანეთი გერმანიას მოუწოდებს უკრაინას Taurus-ის რაკეტები გადასცეს - Bloomberg
Bloomberg წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობა გერმანიას მოუწოდებს "შეწყვიტოს საბაბების ძებნა" და უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცეს.
"ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განუცხადეს გერმანიას, რომ უკრაინას ძალიან სჭირდება Taurus-ის რაკეტები," - აღნიშნა გამოცემამ.
"გერმანიამ უნდა შეწყვიტოს თავის მართლება," - თქვა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
ბრიტანეთმა გერმანიას გამოსავალი შესთავაზა, რომლის თანახმადაც, ის კიევს მეტ Storm Shadow-ს რაკეტას მიაწვდის, ხოლო გერმანია სანაცვლოდ ბრიტანეთს თავის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს.
"შოლცის საქციელმა აჩვენა, რომ ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით ის არის არასწორი ადამიანი, არასწორ პოზიციაზე, არასწორ დროს," - განუცხადა თავდაცვის ყოფილმა მდივანმა ბენ უოლასმა გაზეთ Evening Standard-ს.
"შოლცის კომენტარები არასწორია, უპასუხისმგებლო და მოკავშირეებისთვის სახეში სილის გაწნა... შოლცმა უნდა გადასცეს Taurus-ები," - თქვა თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალისია კერნსმა.
ამ კვირაში შოლცმა კიდევ ერთხელ გამორიცხა Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა და ამტკიცებს, რომ ეს ნიშნავს, რომ გერმანია რუსეთთან ომის მხარე გახდება.
მისი თქმით, გერმანიას არ შეუძლია უკრაინას მისცეს "500 კმ-ზე მქომედი იარაღი, რომლის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, რაკეტამ შეიძლება მოსკოვს მიაღწიოს."
"ის, რასაც ბრიტანელები და ფრანგები აკეთებენ მიზნების მონიტორინგისა და თანმხლები სამიზნე მონიტორინგის თვალსაზრისით, გერმანიაში არ შეიძლება გაკეთდეს," - თქვა შოლცმა ორშაბათს.
ზოგიერთმა ბრიტანელმა დეპუტატმა ეს განცხადება განმარტა, როგორც შოლცის საჯარო კომენტარი უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების საიდუმლო აქტივობებზე.