ბრიტანეთი: რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი სახმელეთო ძალების მესამედი დაკარგა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ომის ყოველდღიური სიტუაციური ანალიზი განაახლა.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ომის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად მობილიზებული სახმელეთო ძალების დაახლოებით მესამედი დაკარგა.

რუსეთმა გასულ თვეში „არსებითი“ ტერიტორიული წინსვლის მიღწევა ვერ შეძლო, მაშინ როცა ოკუპანტების ძალები მნიშვნელოვან გამოფიტვას განიცდიან, ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, დონბასში ოკუპანტების იერიშმა „ტემპი დაკარგა“ და „გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.

შეფერხების მთავარ მიზეზად ლოჯისტიკური და სადაზვერვო კუთხით ჩამორჩენაა დასახელებული.

რუსული უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ოპერაციის დაგეგმვაში და არტილერიისთვის ცეცხლის კორექტირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, უკრაინული საზენიტო სისტემების მიერ ნადგურდებიან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, რუსეთი მომდევნო ოცდაათი დღის განმავლობაში იერიშის მნიშვნელოვნად დაჩქარებას ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები