ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: უკრაინას M270 სარაკეტო სისტემებს გადავცემთ

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს (MLRS) M270-ებს მიაწვდის, რომელსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია. ამის შესახებ 6 ივნისს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, წერს Reuters.

უოლესმა თქვა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის ტაქტიკის შეცვლასთან ერთად შეიცვლება და აღნიშნა, რომ ეს სისტემები დაეხმარება უკრაინას თავი დაიცვას შორ მანძილზე მყოფი სასტიკი არტილერიისგან, რომელსაც რუსეთი "განურჩევლად იყენებს ქალაქების მიწასთან გასასწორებლად".

მიწოდებული სისტემების რაოდენობაზე მან არ ისაუბრა.

BBC-ის ცნობით, ბრიტანული არტილერიის უკრაინისთვის მიწოდება შეერთებულ შტატებთან შეთანხმებულია.

ეს სისტემები HIMARS-ის მსგავსია, რომელსაც უკრაინას ამერიკა მიაწვდის, აღნიშნავს BBC. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, უკრაინამ გარანტია მისცა დასავლეთს, რომ  ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს არ გამოიყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაბომბად.

 

მსგავსი სიახლეები