ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას არ გამორიცხავს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თქვა, რომ უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნა ამ ეტაპზე "არასწორი მიდგომა იქნება", მაგრამ "მტკიცე გადაწყვეტილება" ჯერ მიღებული არ არის. მის განცხადებას Sky News 1 თებერვალს ციტირებს.
უოლესმა თქვა, რომ ის სამხედრო დახმარებაზე "საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში" მსჯელობდა და ისწავლა ორი რამ: "არასოდეს გამორიცხოთ არაფერი და არასოდეს გამორიცხოთ არაფერი."
გარდა ამისა, Sky News ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერის სპიკერს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინისთვის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავების მიწოდება "არაგონივრულია". საუბარია Eurofighter Typhoon-სა და F-35-ებზე, რომლებსაც დაუნინგ სტრიტი "უკიდურესად კომპლექსურ" აღჭურვილობას უწოდებს, რაც, ეკიპაჟის ხანგრძლივ მომზადებას მოითხოვს.
ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ისინი გააგრძელებენ "მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინელებთან მათი საჭიროებების გასაგებად" და ქვეყნის მხარდაჭერას.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Fox News-თან ინტერვიუში, დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა: "მიეცით მათ [უკრაინელებს] ის, რაც მათ სჭირდებათ, იქნება ეს ტანკები თუ შორი მოქმედების არტილერია."
უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების, F-16-ების მიწოდებაზე საუბრისას ჯონსონმა გაიხსენა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესახებ დისკუსიები, ყოველთვის წინ უსწრებდა გადაწყვეტილებებს.
"ყოველთვის, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ შეცდომაა ერთი ტიპის იარაღის გადაცემა, ჩვენ საბოლოოდ ამას ვაკეთებთ და ეს უკრაინისთვის სწორია." - აღნიშნა მან.