ბრიტანეთმა შესაძლოა საიმიგრაციო წესები შეარბილოს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი აპირებს გადახედოს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას, რათა გაუმკლავდეს მუშახელის მწვავე დეფიციტს ძირითად ინდუსტრიებში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია 25 სექტემბერს წერდა.

სხვა საკითხებთან ერთად, ახალი პრემიერი დეფიციტური პროფესიების სიის გაფართოებას გეგმავს, რომლებიც სამუშაო ვიზების აღების გამარტივებულ პროცედურას ექვემდებარება. ეს, როგორც The Guardian-მა აღნიშნა, ბრიტანელ დამსაქმებლებს საშუალებას მისცემს მოიზიდონ მეტი თანამშრომელი საზღვარგარეთიდან ნაკლები ბიუროკრატიით. სიაში, შეიძლება შევიდეს ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის განლაგების სპეციალისტები.

შესაძლოა ხელისუფლებამ ასევე შეარბილოს ვიზის მისაღებად საჭირო ინგლისური ენის ცოდნის მოთხოვნები, წერს გაზეთი Financial Times.

გარდა ამისა, ტრასი აპირებს მოხსნას შეზღუდვები სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებში ჩართული უცხოელი მუშების დაქირავებაზე. მოსალოდნელია, რომ 40 000 ვიზის ზედა ზღვარი მოიხსნება, ისევე როგორც მაქსიმალური ყოფნის ექვს თვიანი ვადა.

ღონისძიებები მიზნად ისახავს ეკონომიკის სტიმულირებას

"ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ გვქონდეს საჭირო უნარები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. ეს გამოიწვევს მუშათა რაოდენობის ზრდას ზოგიერთ რაიონში და ზოგში შემცირებას," განუცხადა დაუნინგ სტრიტის წყარომ The Sun-ს.

გამოცემის ცნობით, ცვლილებები შესაძლოა უახლოეს კვირებში გამოცხადდეს.

ამ გეგმამ უკვე მიიღო ბიზნესის მხარდაჭერა, აღნიშნავს FT. თუმცა, მას შეიძლება შეექმნას წინააღმდეგობა ტრასის კაბინეტის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან.  

მსგავსი სიახლეები