ბრიტანეთში ფრიდმანის წინააღმდეგ გამოძიება ნაწილობრივ შეწყვიტეს
დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NGA) რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის მიმართ, მის წინააღმდეგ წარდგენილ სამ ბრალზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ 4 აპრილს, The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, სააგენტომ ფრიდმანის წინააღმდეგ გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემაზე და გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტყუების საქმეზე შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, გამომძიებლები კვლავ ეჭვობენ, რომ ბიზნესმენი დაკავშირებულია ფულის გათეთრების დანაშაულთან.
სააგენტომ გაზეთს დაუდასტურა, რომ მან ნაწილობრივ დახურა გამოძიება 58 წლის მდიდარი რუსის მიმართ, რომელიც გასული წლის დეკემბერში ლონდონში დააკავეს. საუბარია თუ არა ფრიდმანზე, ამას სააგენტო არ აკონკრეტებს.
2022 წლის 3 დეკემბერს დანაშაულის ეროვნულმა სააგენტომ სამი პირის დაკავებაზე განაცხადა, რომლებიც, სააგენტოს ცნობით, ფულის გათეთრებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში მონაწილეობდნენ. დაკავებულებს შორის იყო მიხაილ ფრიდმანი, თუმცა მისი სახელი არც მაშინ დაუსახელებიათ. მოგვიანებით სამივე 150 000 ფუნტის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მიხაილ ფრიდმანი, რომლის ქონება Forbes-ის მიხედვით 12.6 მილიარდი დოლარია, დიდ ბრიტანეთში 2015 წლიდან ცხოვრობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მას ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს.
2023 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ფრიდმანი გაყიდის თავის 32.9%-იან წილს ლუქსემბურგში დაფუძნებულ ABH Holdings S.A.-ში, რომელიც Альфа-банк-ს აკონტროლებს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა მსხვილმა აქციონერმა - პეტრ ავენმა, რომელიც ასევე სანქცირებულია და ფლობს აქციების 12.4%-ს.
Financial Times ვარაუდობს, რომ ამ გზით ბიზნესმენებს სურთ თავი დააღწიონ მათ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.