ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში
გთავაზობთ ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგს 27 თებერვლიდან 6 მარტამდე.
ბრექსიტი არსად წასულა
მიმდინარე კვირაში ბრექსიტის დრამას გაგრძელება უწერია.
კვლავაც საკითხავია, მოინდომებს თუ არა პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი თანაპარტიელების გადარწმუნებას ან ოპოზიციის მხარდაჭერის მოპოვებას, რათა ევროკავშირთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულება გაიტანოს.
სუნაკმა დიდი მოლოდინები გააჩინა, მაგრამ საბოლოო ნაბიჯი კვლავაც გადასადგმელია.
გასული კვირის ბოლოს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, სუნაკი კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოაქცია. მისი თქმით, ბრიტანელებმა ჩრდილო ირლანდიის შესახებ კანონპროექტი უნდა დაამტკიცონ, რითაც ევროკავშირთან არსებული სავაჭრო ხელშეკრულების წესები დაირღვევა.
ორბანი ფეხს ითრევს
კიდევ ერთი დრამა ვითარდება ერთი მხრივ შვედეთსა და ფინეთს, მეორე მხრივ კი უნგრეთსა და თურქეთს შორის. სკანდინავიურ ქვეყნებს სურთ, რაც შეიძლება მალე შევიდნენ ნატო-ში. ხოლო დანარჩენი ორი ამას აფერხებს.
გასულ პარასკევს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რატომაც ითრევს ფეხს - არ მომწონს, შვედეთი და ფინეთი უნგრეთის დემოკრატიის მდგომარეობასა და კანონის უზენაესობის არასათანადო დაცვას რომ აკრიტიკებენო.
მართლაც, ჰელსინკი და სტოკჰოლმი უნგრული დემოკრატიის კრიტიკის სათავეში არიან.
მართალია, ორბანი ნათლად ამბობს, რომ ორივე ქვეყანა უნდა მიიღონ ნატო-ში, მაგრამ იქვე ამასაც ამატებს: "თუ ჩვენგან სამართლიანობას ელიან, მაშინ უნგრეთსაც სამართლიანად უნდა მოქცნენ."
უნგრეთის პარლამენტი, სადაც ორბანის პარტიას უმრავლესობა აქვს, ამ საკითხს ოთხშაბათს, პირველ მარტს განიხილავს. თუმცა კენჭისყრა ერთი კვირის შემდგომ გაიმართება.
პარლამენტი
ამასობაში ბრიუსელში საკანონმდებლო კვირა იწყება.
სამშაბათს, 28 თებერვალს, ევროპარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი კენჭს უყრის სქემას, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ ნაწარმზე გეოგრაფიული წარმომავლობის მითითებას.
სამშაბათს სათვალთვალო მოწყობილობა პეგასუსის გამოძიების კომიტეტი მოუსმენს კონსტანტინოს მენუდაკოსს, საბერძნეთის მონაცემთა დაცვის უწყების პრეზიდენტს და ხრისტოს რამოსს, საბერძნეთის კომუნიცაკიების მარეგულირებლის წარმომადგენელს. ისინი გამოიკითხებიან საბერძნეთის თვალთვალის სკანდალთან დაკავშირებით.
ოთხშაბათს გარემოს დაცვის კომიტეტი შეჯერდება თავის პოზიციაზე ფთორირებულ სათბურის გაზებთან დაკავშირებით.
იმავე დღეს ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი ეროვნული პარლამენტების წევრებთან და ექსპერტებთან გამართავს შეხვედრას. განიხილება ენერგო კრიზისი და მისი შედეგები ქალებზე.
ოთხშაბათსვე ევროპარლამენტრის განვითარების კომიტეტი განიხილავს ევროკავშირის ქმედებებს თურქეთისა და სირიის მიწისძვრით გამოწვეულ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მომზადებულია EUObserver-ზე დაყრდნობით.