ბუჩის სასაკლაო - გერმანიის დაზვერვას რუსი სამხედროების საუბრის ჩანაწერი აქვს
გერმანიის დაზვერვამ მოიპოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიო შეტყობინებები, რომლებშიც რუსი სამხედროები ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახვრეტაზე საუბრობენ.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით სადაზვერვო უწყებამ ამის შესახებ უკვე აცნობა ბუნდესტაგს.
ერთ-ერთ ასეთ შეტყობინებაში რუსი ჯარისკაცი ჰყვება როგორ მოკლა ველოსიპედით მოსიარულე მშვიდობიანი მოქალაქე. კიდევ ერთ შეტყობინებაში რუსი ჯარისკაცი ჰყვება, როგორ ატარებენ ისინი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი მებრძოლების დაკითხვას და ამის შემდეგ როგორ ხვრეტენ მათ.
გერმანული დაზვერვის მტკიცებით ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ძირითადი შემსრულებლები ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ბოევიკები იყვნენ.
Spiegel-ის ცნობით, გერმანიის დაზვერვის ხელთ არსებული შეტყობინებებით ნათელი ხდება, რომ ბუჩაში მომხდარი სამხედრო დანაშაულები არ ყოფილა შემთხვევითობა ან რიგითი ჯარისკაცების ინიციატივა.
უწყების ინფორმაციით ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტები რუსეთის გამოკვეთილი სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაშინებას ისახავდა მიზნად.
ბოლო ცნობებით არსებობს რუსი ჯარისკაცების საუბრის სხვა ჩანაწერებიც, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია თუ სად მიმდინარეობდა ეს საუბრები. გაზეთის მტკიცებით, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მსგავსი დანაშაულები რუსმა ოკუპანტებმა სხვა ადგილებშიც ჩაიდინეს.
3 აპრილს, დილით გათავისუფლებულ ბუჩის ქუჩებში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს.
ბოლო ცნობებით ქალაქში რუსებმა 340-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ბუჩის მერის ცნობით, 90%-ზე მეტი მოკლულია ტყვიის მოხვედრის შედეგად და არა არტილერიულ დაბომბვაში მოყოლისას.