ბუდანოვი: რუსეთის შეტევების გაძლიერებას დონეცკის რეგიონში ველოდებით

უკრაინა, გაზაფხულის ბოლოს - ივნისის დასაწყისში, რუსეთის მხრიდან შეტევების გაძლიერებას დონეცკის რეგიონში ელოდება.

ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.

“რუსები შეეცდებიან წინ წაიწიონ ქალაქი ჩასივ-იარის მიმართულებით. ასევე, დაიწყებენ სვლას ქალაქი პოკროვსკის მიმართულებითაც” - ამბობს ბუდანოვი.

სამხედრო დაზვერვის უფროსის მიხედვით, მოსალოდნელ შეტევებამდე ფრონტის ხაზზე არსებით ცვლილებებს არ ელოდება. “ვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლირებადი” - აცხადებს ის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი სირსკის მიხედვით, ქალაქ ჩასივ-იარს ამ მომენტისთვის უკრაინა სრულად აკონტროლებს. ფრონტზე ვითარება რთულია, რადგანაც, რუსეთი უწყვეტად ცდილობს თავდაცვითი ხაზების გარღვევას, თუმცა, უშედეგოდ.

უკრაინის მხრიდან შეტევითი ოპერაციების წამოწყებას არ გამორიცხავს სამხედრო დაზვერვის უფროსი, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, რადგანაც თვლის, რომ ეს უკრაინის გენერალური შტაბის პასუხისმგებლობაა.

ბუდანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინას ბევრი საარტილერიო სისტემა და ჭურვები სჭირდება. ე.წ. ჩეხურ ინიციატივაზე, რომელიც უკრაინისთვის მილიონამდე საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს, აცხადებს, რომ მათი არსებობა ფრონტის ხაზზე “არ იგრძნობა”.

მსგავსი სიახლეები