ბულგარელი ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ქუჩაში გამოსული ფერმერები აქციას მართავენ, სადაც ევროპის კავშირის რეგულაციებს, შემცირებულ შემოსავალს და გაზრდილ ხარჯებს აპროტესტებენ. გარდა ამისა, დაპირებების შეუსრულებლობის გამო, სოფლის მეურნეობის მინისტრის, კირილ ვატევის გადადგომას მოითხოვენ.
დემონსტრანტების განცხადებით, ისინი ქვეყანაში უკრაინიდან იმპორტირებულ დაბალფასიან პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან.
„უკრაინულმა საქონელმა დაგვტბორა. ჩვენი ინტერესები დაცული არ არის. უკრაინის ომის გამო განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად საბიუჯეტო გარანტიები არ გვაქვს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა იქნება ხვალ, მომავალ წელს, მომდევნო ხუთ წელიწადში“, - ვენცისლავ ვარბანოვი, სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ განაცხადა, რომ შესაძლოა სამშაბათს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდეს, სადაც ფერმერები ტრაქტორებით გზების გადაკეტვას გეგმავენ.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის წევრების უკმაყოფილება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი დენკოვის განცხადებამ გამოიწვია. პრემიერის თქმით, კომპენსაციას მხოლოდ ის მწარმოებლები მიიღებენ, რომლებიც 2023 წლის ზარალის დამამტკიცებელ საბუთებს წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ფერმერების საპროტესტო გამოსვლები ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, იმართება.
გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.
ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა. აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.
პორტუგალიელი ფერმერები ადექვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოთხოვნით აქციებს მართავენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.
ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას, საბერძნეთში კი დაფინანსების ზრდას, გადასახადების შემცირებას, იმპორტირებული პროდუქტის კონტროლს, ასევე, ელექტორენერგიისა და საწვავის გაიაფებას მოითხოვენ.