ჩეინი: ტრამპის მიერ პუტინისთვის ხოტბის შესხმა ჩვენს მტრებს ეხმარება
ამერიკის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა ლიზ ჩეინიმ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა. ყოფილმა პრეზიდენტმა უკანასკნელ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინს ხოტბა შეასხა.
"ექს-პრეზიდენტ ტრამპის მიერ პუტინისთვის ხოტბის შესხმა, მათ შორის, მისი "გენიოსად" მოხსენიება, ჩვენს მტრებს ეხმარება. ტრამპის ინტერესები არ ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს", - წერს ჩეინი ტვიტერზე.
The Clay Travis and Buck Sexton Show-ში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში პუტინი სეპარატისტული "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობას არ ცნობდა.
ექს-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის სტრატეგია "გენიალური" და "საკმაოდ საზრიანი" იყო.
"მე ვთქვი, 'რამდენად ჭკვიანურია ეს?' ის შევა და მშვიდობისმყოფელი იქნება. შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ამერიკის სამხრეთ საზღვარზე - ეს არის ყველაზე დიდი სამშვიდობო ძალა ისტორიაში. ეს არის ყველაზე მეტი ტანკი, რაც კი ოდესმე მინახავს და ისინი მშვიდობას შეინარჩუნებენ." - თქვა ამერიკის ექსპრეზიდენტმა.