ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას არ გამორიცხავს
უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება ფართომასშტაბიანი სამხედრო მხარდაჭერა. ამის შესახებ ჩეხეთის ახალმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 2 თებერვალს Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. 28 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პაველმა არ გამორიცხა კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება.
"ჩვენ უკრაინას ნებისმიერი დახმარება უნდა გავუწიოთ, რომელიც მისცემს გამარჯვების საშუალებას, აღადგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა მან.
პაველმა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი შეამცირებს სამხედრო მხარდაჭერას, სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის მიწოდებას, მაშინ დიდი ალბათობით რუსეთი მოიგებს ომს და ეს ყველას დამარცხებას ნიშნავს.
გამანადგურებლების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, პეტრ პაველმა აღიარა სერიოზული დაბრკოლებების არსებობა, უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია ტექნიკურ მომსაურებასთან და პილოტების მომზადების ვადებთან: "პოლიტიკური ნებაც რომ არსებობდეს, პრაქტიკაში უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება."
ნატოს ყოფილი გენერალი ამბობს, რომ უკრაინის არმიის შეიარაღებაზე საუბრისას, უნდა ვიფიქროთ მიღებული გადაწყვეტილებების "პრაგმატულობაზე და ეფექტურობაზე."
პეტრ პაველი ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო.
კითხვაზე, ის ასევე აქტიურად დაუჭერდა თუ არა მხარს უკრაინის სამხედრო დახმარებას ნატოს სამხედრო კომიტეტის სათავეში ყოფნის შემთხვევაში, პაველმა უპასუხა: "ჩემი შეხედულება უკრაინაზე დროთა განმავლობაში არ შეცვლილა. ასე მეგონა, როცა სამხედრო ვიყავი, შემდეგ - როცა ბედნიერი პენსიონერი და ახლა - არჩეული პრეზიდენტი. აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ეს ჩვენს ინტერესებში შედის."
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს პოპულისტების წინააღმდეგ, რომელთა პოზიციები ძლიერია ჩეხეთშიც, პაველმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ფაქტებზე ფოკუსირება და საზოგადოების თანმიმდევრულად ინფორმირება.