ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპა შეძლებს საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოებას

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ აწარმოონ საჭირო რაოდენობის ჭურვები - მათთვის და უკრაინისთვის.

მის სიტყვებს "რადიო თავისუფლება" ციტირებს.

"საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოებას დრო სჭირდება, ეს მოითხოვს ჩვენი საწარმოო სიმძლავრის გაზრდას, მაგრამ უკრაინას ჭურვები ახლა სჭირდება.

ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ ვიპოვოთ ჭურვები, სადაც კი შეგვიძლია და მივაწოდოთ უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვზრდით საკუთარ შესაძლებლობებს." - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

"უახლოეს მომავალში, ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა ევროპის ქვეყნების მარაგის შესავსებად, ასევე, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მისაწოდებლად, საჭიროების შემთხვევაში." - განაცხადა მან.

პაველის თქმით, ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ უკრაინა და რუსეთი შეძლებენ ომის დასრულებაზე შეთანხმებას.

კონტექსტი

8 მარტს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 300 ათასი ჭურვის პირველი პარტიის შესაძენად თანხები უკვე შეგროვდა. 

"მადლობა ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ჩვენ მოვახერხეთ საკმარისი თანხების შეგროვება 300 ათასი საარტილერიო ჭურვის პირველი პარტიის შესაძენად." - აღნიშნა მან. 

ერთი დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა 800 ათასი საარტილერიო ჭურვის გადასაცემად საჭირო თანხები უკვე ჩარიცხეს.

თებერვალში, მიუნხენის კონფერენციაზე პეტერ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა საზღვარგარეთ 500 ათასი 155 მილიმეტრიანი და 300 ათასი 122 მილიმეტრიანი ჭურვი იპოვა და ეს ქვეყნები მზად არიან საბრძოლო მასალის გასაყიდად.

მსგავსი სიახლეები