კონსერვატორი მარქსისტის წინააღმდეგ – საპრეზიდენტო არჩევნები ჩილეში
ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. წინასწარი შედეგებით ამომრჩევლების 50%-ზე მეტის მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.
ამავე შედეგების მიხედვით, პირველ ტურში ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი ხოსე ანტონიო კასტი იმარჯვებს. ხმათა 97%-ის დათვლის შემდეგ კასტმა ხმათა 27.9% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ულტრა-მემარცხენე გაბრიელ ბორიჩმა ხმათა 25.7% მიიღო.
"დღეს ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, რომ იმედები რეალობად ვაქციოთ",- განაცხადა მომხრეებთან შეხვედრისას კასტმა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დეკემბერში გაიმართება.
უჩვეულო არჩევნები
საპრეზიდენტო არჩევნებს ჩილეში წინ უძღოდა პოლიტიკური კრიზისი და სამოქალაქო მღელვარება, რომელიც ქვეყანაში 2019 წელს დაიწყო. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მოთხოვნა ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა იყო. დემონსტრანტები ითხოვდნენ ჩილეში არსებული ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას საზოგადოების ყველა ფენისთვის.
მიმდინარე წლის ივნისიდან სანტიაგოში ყოველდღიურად მუშაობს საკონსტიტუციო რეფორმების ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანიც ახალი კონსტიტუციის შექმნაა.
სამოქალაქო მღელვარებას თან დაერთო კორონავირუსის პანდემია, რასაც ლათინური ამერიკის ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ფაქტორების ერთობლიობამ ჩილეში არნახულად გაზარდა პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია, რაც პირდაპირ აისახა არჩევნების შედეგებზეც. ცენტრისტულმა პარტიებმა, რომლებიც 1990-იანი წლებიდან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინირებდნენ, მიმდინარე არჩევნებზე ამომრჩევლების დიდი ნაწილი დაკარგეს.
ამ ფონზე წინა პლანზე წამოვიდნენ შედარებით რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები, რომლებიც ჩილელებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პლატფორმებს სთავაზობენ. წინასაარჩევნო კამპანიის ლიდერები პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო წერტილებზე მყოფი პოლიტიკოსები არიან.
ხოსე ანტონიო კასტი ულტრა-მემარჯვენე, კონსერვატორი იურისტია, რომელიც 2002-2018 წლებში პარლამენტის დეპუტატი იყო. კასტმა მონაწილეობა მიიღო წინა საპრეზიდენტო არჩევნებშიც 2017 წელს, რომელშიც მან ხმათა 8% მიიღო. კასტის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მთავრობის ზომის და ბიუროკრატიის შემცირება და კერძო ინიციატივის წახალისება იყო.
კასტი ჩილელებს სამინისტროების რიცხვის განახევრებას პირდება. კასტის თქმით მისი გამარჯვების შემთხვევაში არსებული 24 სამინისტროდან სულ 12 დარჩება. ამავდროულად კასტი ეწინააღმდეგება ერთნაირ სქესიანთა ქორწინებისა და აბორტის ლეგალიზებას, რაც ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო თემა იყო.
ანტონიო კასტი მკაცრი ხაზის გატარების მიმდევარია ქვეყნის შედარებით ღარიბ რეგიონებში სამოქალაქო მღელვარებასთან დაკავშირებით და პრობლემის გადაწყვეტას ადგილზე არმიის გაგზავნით აპირებს. საუბარია არაუკანიას რეგიონზე, სადაც ადგილობრივები [მაპუჩეს ტომის ხალხი] თავიანთი წინაპრების მიწების დარბუნებას ცდილობდნენ, რასაც ადგილობრივ ტყის მომპოვებელ კომპანიების თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ამავდროულად კასტი ბოლივიის საზღავრზე დიდი თხრილის გაკეთებას აპირებს, რამაც არალეგალური მიგრანტების ნაკადი უნდა შეაჩეროს.
თავის მხრივ, გაბრიელ ბორიჩი 35 წლის ულტრა-მემარცხენე კანდიდატია, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტის აქტიური მხარდამჭერია. ბორიჩის წინასაარჩევნო გზავნილები ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდას და უთანასწორობის შემცირებას გულისხმობს.
"ჩილე ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის აკვანი იყო და ჩილე გახდება ნეოლიბერალური ეკონომიკის სასაფლაოც",- განაცხადა ბორიჩმა თავის მომხრეებთან შეხვედრაზე.
მისი მთავარი კონკურენტისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ხარჯების გაზრდას, სოციალური უსაფრთხოების პაკეტის გაზრდას, სამუშაო საათების 44-დან 40 საათამდე შემცირებას და მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას ემხრობა. გარდა ამისა ბორიჩი სტუდენტური სესხების ჩამოწერის ინიციატივით გამოდის. ამავდროულად ბორიჩი ემხრობა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებისა და აბორტის ლეგალიზაციას, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორივე კანდიდატს სხვა ბანაკებიდან ამომრჩევლების მოზიდვა დაჭირდებათ. ამ კუთხით საინტერესოა, რომ მესამე ადგილზე ხმათა 13%-ით ეკონომისტი ფრანკო პარისი გავიდა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ჩილეში წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი არ ჩასულა.
პარისი თავისი შეხედულებებით და პროგრამით გაცილებით უფრო ახლოსაა ხოსე ანტონიო კასტთან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაუჭერს თუ მხარს მეორე ტურში.
მეოთხე ადგილი ხმათა 12-12%-ით მემარჯვენე ცენტრისტმა სებასტიან სიეჩელმა და მემარცხენე ცენტრისტმა, იასნა პროვოსტმა გაიყვეს. მოსალოდნელია, რომ სიეჩელი მეორე ტურში კასტს დაუჭერს მხარს, ხოლო პროვოსტი ბორიჩს.
ჩილეში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში დამატებით ფაქტორი იყო ისიც, რომ მოქმედი პრეზიდენტი უკიდურესად არაპოპულარულია. ბოლო გამოკითხვების მიხედვით ჩილეს მოსახლეობის 79% ძალიან უკმაყოფილოა პრეზიდენტის პოსტზე სებასტიან პინიერას საქმიანობით.
პინიერა უკვე ორჯერ იკავებდა პრეზიდენტს პოსტს და კონსტიტუციის მიხედვით მას აღარ შეუძლია კენჭის ყრა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეში ქვეყნის პარლამენტს პინიერას იმპიჩმენტისთვის სულ რამდენიმე ხმა დააკლდათ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.