ჩინეთი სამოქალაქო დრონების ექსპორტს ამკაცრებს
ჩინეთმა შორი რადიუსის სამოქალაქო დრონების ექსპორტი გაამკაცრა - ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინაში მიმდინარე ომი და დრონების საომარ მოქმედებებში გამოყენებაა დასახელებული.
გავრცელებული ცნობებით, გასული 1 წლის განმავლობაში რუსეთმა ჩინეთისგან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების დრონები შეიძინა. საყურადღებოა, რომ ჩინური წარმოების დრონებს აქტიურად იყენებენ უკრაინელი სამხედროებიც, თუმცა იმპორტირებული დრონების ღირებულება ჯერადად ნაკლებია.
სამინისტროს გადაწყვეტილებით ექსპორტის კონტროლი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა კვლავ დაშვებული იქნება გარკვეული ტიპის დრონების ექსპორტი.
კონტექსტი
ჩინეთი მსოფლიოში დრონების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. მათ შორისაა კომპანია DJI, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად დატოვა რუსეთის ბაზარი - მიზეზად მაშინაც დრონების შესაძლო სამხედრო საქმეში გამოყენება დასახელდა.
ახალი წესების მიხედვით, იკრძალება შორი რადიუსის და იმ აპარატების ექსპორტი, რომელთაც ჰაერში ყოფნა 30 წუთზე დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ და ატარებენ 7 კილოგრამზე უფრო მძიმე ტვირთს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო დასავლურ მედიას ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კონტაქტს.
ჩინეთის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტაბების ადმინსიტრაციის მრავალგზის გაფრთხილება ეკონომიკური სანქციებით იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას გადაწყვეტდა.