ჩინეთმა განაცხადა, რომ ირანთან თანამშრომლობას განავითარებს
ჩინეთი ირანთან ურთიერთობას განავითარებს. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა პეკინში, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პეკინი დაინტერესებულია თეირანთან სტრატეგიული პარტნიორობით.
"ჩინეთმა და ირანმა მხარი დაუჭირეს ერთმანეთს, ერთად ებრძოდნენ COVID-19-ის პანდემიას, გააძლიერეს სტრატეგიული ურთიერთობა და მიაღწიეს სტაბილურ პროგრესს პრაქტიკულ თანამშრომლობაში, რომელიც ხელს უწყობს საერთო ინტერესების დაცვას, საერთაშორისო პატიოსნებასა და სამართლიანობას," - თქვა სიმ.
რაისიმ უპასუხა, რომ "დროში გამოცდილი მეგობრობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მყარდება."
ჩინეთი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასული წლის იანვრიდან აგვისტომდე, მათ შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 11.16 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე 2022 წელს მხარეებმა გამოაცხადეს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის 25-წლიანი ყოვლისმომცველი გეგმის დაწყების შესახებ.
Associated Press წერს, რომ თეირანი, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ იარაღს აწვდის, ცდილობს პეკინთან ურთიერთობები გააღრმავოს, რათა მოსკოვისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების კომპენსაცია შეძლოს.
"სი ძინფინგმა რაისის მთავრობისადმი მხარდაჭერა იმ ენით გამოხატა, რომელსაც პეკინი იყენებს ვაშინგტონის დომინირების გასაკრიტიკებლად. ჩინეთი და ირანი მოსკოვთან ერთად თავს ამერიკის ძალაუფლების საპირწონედ ხედავს," - აღნიშნავს სააგენტო.