ჩრ. მაკედონია ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მიიღო საფრანგეთის მიერ წარდგენილი შეთავაზება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის ბულგარეთის ვეტოს დაძლევას გულისხმობდა. 

აღნიშნული ცვლილებებით ჩრდილოეთ მაკედონია აღიარებს ბულგარულ უმცირესობას, მაგრამ სკოპიეს და სოფიას შორის კვლავ რჩება პრობლემური საკითხები მათ შორის, ბულგარეთის მიერ მაკედონიური ენის აღიარება. 

120 დეპუტატიდან კანონს მხარი 68 კანონმდებელმა დაუჭირა. ოპოზიციის ლიდერებმა კენჭისყრა შეძახილებით და ხმაურით დატოვეს, ისინი უმრავლესობას ქვეყნის კულტურის ღალატში ადანაშაულებდნენ. 

კანონის მიღების შემდეგ, პრემიერმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ქვეყანა 19 ივლისს დაიწყებდა. 

"როგორც იქნა, 17 წლის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. დღეიდან ჩვენ დაჩქარებულად მივიწევთ ევროპული ოჯახისკენ",- დაწერა კოვაჩევსკიმ თავის ტვიტერზე. 

4 წლის წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მაკედონიელები დათანხმდნენ ქვეყნის სახელწოდების ცვლილებას, თუმცა აქედან 2 წლის შემდეგ უკვე ბულგარეთმა აამოქმედა თავისი ვეტო, რომელიც ჩრდილო მაკედონიაში ეთნიკური ბულგარელების უმცირესობის აღიარებას ეხებოდა.

პროცესის განახლების საფუძველი ივნისში ემანუელ მაკრონის მიერ წარდგენილი კომპრომისული წინადადება გახდა, რომელმაც უნდა მოაგვაროს სკოპიეს და სოფიას უთანხმოებები საერთო კულტურულ და ლინგვისტურ საკითხებთან დაკავშირებით. 

მაკრონის წინანადებას მხარი დაუჭირა ბულგარეთმა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ბლოკავდა პროცესის დაწყებას. 

ჩრდილო მაკედონიელების გადაწყვეტილება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა - "ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა და თქვენ ის გამოიყენეთ. ეს არი დიდი ნაბიჯი ევროპული მომავლისკენ, თქვენი მომავლისკენ",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ჩრდილო მაკედონიის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა აშშ-ც - "გადაწყვეტილება ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა არამხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, არამედ მთლინად დასავლეთ ბალკანეთისთვის",- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ჩრდილოეთ მაკედონია უკვე 17 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, თუმცა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დიდი ხნის განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა, რომელიც ქვეყნისგან სახელწოდების შეცვლას მოითხოვდა. 

საბერძნეთთან უთანხმოებები 2018 წელს, საყოველთაო რეფერენდუმის შემდეგ მოგვარდა, რომლის შედეგადაც მაკედონია, ჩრდილოეთ მაკედონია გახდა. 

 

მსგავსი სიახლეები