ჩრდილო მაკედონიის პრემიერი ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების გამო გადადგა
ჩრდილო მაკედონიის პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში მისი პარტია დამარცხდა.
„მე პასუხისმგებლობას ვიღებ ამ არჩევნებში ჩვენს შედეგებზე და გადავდგები“, - განაცხადა ზაევმა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის გადადგომის თხოვნა ახლა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ზაევის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება და თვლის, რომ მისი მემკვიდრე მმართველი პარტიის რიგებიდან უნდა აირჩიონ.
შაბათ-კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ჩრდილო მაკედონიის მთავარმა ოპოზიციურმა პარტია VMRO-DPMNE-მ წარმატებულად იასპარეზა და დედაქალაქ სკოპიესა და სხვა დიდ ქალაქებში გაიმარჯვა.
„[ამ არჩევნების შემდეგ] მთავრობამ ლეგიტიმაცია დაკარგა, დროა პარლამენტმა ახალ რეალობას თვალებში ჩახედოს. უმჯობესია, თუ ამას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვება“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ჰრისტიან მიცკოსკიმ.
ზაევის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ბანაკის კოალიციას ხმათა მცირე სხვაობით სძლია.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ზორან ზაევის მთავრობა კრიზისში იმყოფება. ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უარესდება, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები არ იკლებს, ხოლო ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.