ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები 8 მაისს გაიმართება
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 24 აპრილს, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 8 მაისს გაიმართება.
საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე მთავრობის 100 დღით ადრე გადადგომის პრაქტიკა 2015 წლის შემდეგ დამკვიდრდა, როდესაც ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ევროპის კავშირის შუამავლობით დასრულდა.
საპარლამენტო ორგანოს არჩევნებამდე, ქვეყანას დროებითი მთავრობა ხელმძღვანელობს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში 120 წევრიანმა საკანონმდებლო ორგანომ 65 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა. მთავარი ოპოზიციური პარტიის - „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია - დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის - VMRO-DPMNE“ წევრებმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ჩრდილოეთ მაკედონიის დროებით მთავრობას, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ეთნიკური ალბანელი, თალატ ჯაფერი ხელმძღვანელობს.
დიმიტარ კოვაჩევსკის მთავრობამ გადადგომის გადაწყვეტილება 26 იანვარს მიიღო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ პარლამენტის თავმჯდომარეს, თალატ ჯაფერს დროებითი მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდა.
კონტექსტი
ჩრდილოეთ მაკედონიაში პოლიტიკური ვითარება 2014 წელს დაიძაბა, როდესაც ოპოზიციურმა “სოციალ-დემოკრატიულმა პარტია - SDSM-მ“ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მმართველი პოლიტიკური გაერთიანება - „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია - დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის - VMRO-DPMNE“ არჩევნების გაყალბებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
კრიზისი განსაკუთრებულად გამწვავდა 2015 წლის თებერვალში, როდესაც „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ზორან ზაევმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა გრუევსკი, 20 000-ზე მეტი, მათ შორის, თანამდებობის პირის, მოსამართლის, პროკურორის, არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტის, ოპოზიციური პოლიტიკოსის, ჟურნალისტის და ა.შ. უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა. სატელეფონო ჩანაწერების სკანდალის შემდეგ, ულტრა-მემარჯვენე VMRO-DPMNE-მ, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას 2006 წლიდან მართავდა, ლეგიტიმაცია დაკარგა და ქვეყანაში ნიკოლა გრუევსკის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.
ანტი-სამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ შეწყდა, რაც ევროპის კავშირის შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება (Pržino Agreement) შედგა, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავდა: რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ სოციალ-დემოკრატების პარლამენტში დაბრუნებას; ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან მინისტრების დანიშვნას; საპარლამენტო არჩევნებამდე 100 დღით ადრე მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადადგომას; ივნისში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და სპეციალური პროკურორის მიერ სატელეფონო ჩანაწერების საქმის გამოძიებას.
2016 წლის 11 დეკემბრის არჩევნებზე 120 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში „VMRO-DPMNE-მ“ 51 მანდატი, „სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 49, ხოლო ალბანურმა პარტიებმა ჯამში 20 მანდატი მოიპოვეს.
საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებიდან 157 დღის შემდეგ, 2017 წლის 1 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა კოალიციური მთავრობა („სოციალ-დემოკრატიული პარტია - SDSM” + “დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისთვის - DUI“ + „ალიანსი ალბანელებისთვის - AA”) დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრის პოსტი ზორან ზაევმა დაიკავა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 46 მანდატი მოიპოვა და სამთავრობო კოალიცია ალბანურ პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად ზედიზედ მეორედ ჩამოაყალიბა.