ჩრდილოეთ ერაყში ირანული სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ორშაბათს ირანმა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე ირანელი ქურთების პოზიციები დაბომბა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაიღუპა მინიმუმ 1 ადამიანი, 8 კი დაშავდა.

ირანი უკვე რამდენიმე კვირაა, ჩრდილოეთ ერაყში ქურთულ ოპოზიციურ ჯგუფებს ბომბავს.

ამ ჯგუფების ინფორმაციით, სამი ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ერაყელი ქურთების ჯანდაცვის სამინისტრო ერთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს.

ირანული სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ერაყში, სულიმანიას პროვინციაში, "ტერორისტული ჯგუფების" დრონებით და რაკეტებით დაბომბვა დაადასტურა.

ერაყელი ქურთების პრემიერ-მინისტრმა მასრურ ბარზანიმ თავდასხმა დაგმო და მას ერაყისა და ამ რეგიონის სუვერენიტეტის შელახვა უწოდა. თავდასხმა დაგმო გაეროს მისიამ ერაყში და განაცხადა, რომ "ერაყი ანგარიშის გასწორების არენად არ უნდა გამოიყენონ".

ირანელების თავდასხმის მიზანში ირანის ქურთული დემოკრატიული პარტიის პოზიციები იყო, რომელიც ირანის მთავრობას ისლამური რევოლუციის დაწყების შემდეგ ებრძვის.

მსგავსი სიახლეები