"ჩვენ და დასავლეთს გამარჯვებაზე განსხვავებული წარდმოგენები გვაქვს"- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან მიმდინარე ომში გამარჯვებაზე დასავლელ პარტნიორებს უკრაინისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატზე, ფრონტზე არსებულ სიტუაციასა და გამოთქვა აზრი თუ როდის შეიძლება დასრულდეს ომი.
დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე
პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ამერიკული შეიარაღების გამოყენების არეალის შესახებ შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის შედეგად უკრაინას აქვს უფლება დასავლური იარაღი საზღვრისპირა ტერიტორიაზე გამოიყენოს - "ეს კარგია, თუმცა ეს ვერ აგვერებს რუსული პლანირებადი ავიაბომბების პრობლემას, რომლებიც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებენ."
ზელენსკის თქმით, პლანირებადი ავიაბომბების მზარდი პრობლემის გადასაჭრებად უკრაინას სჭირდება არა იმდენად, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამდენაც შორეული მოქმედების იარაღი, პირველ რიგში კი ATACAMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 800 პლანირებადი ავიაბომბი გამოიყენა. მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად უკრაინას უნდა მიეცეს უფლება დასავლეთის მიერ მიღებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებული სამხედრო აეროდრომების წინააღმდეგ გამოიყენოს.
მოლაპარაკებები რუსეთთან
ინტერვიუში ვოლოდომირ ზელენსკიმ შესაძლოა პირველად სრულად არ გამორიცხა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყება განსხვავებულ ფორმატში.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ შუამავლების მეშვეობითაა შესაძლებელი და ამის მაგალითად ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება მოიყვანა.
"მარცვლეულის შეთანხმებისას ჩვენ ჯერ ველაპარაკებოდით თურქეთს და გაეროს და შემდეგ ისინი საუბრობდნენ რუსეთთან. ეს იყო 2 სარკისებური ხელშეკრულება, რომელთა შუამავლებიც თურქეთი და გაერო იყვნენ"- განმარტა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ფორმატით რუსეთთან შესაძლოა მოლაპარაკებების გამართვა ტერიტორიული მთლიანობის, ენერგეტიკისა და საზღვაო კორიდორების საკითხში. ზელენსკის თქმით, ასეთ პროცესში შესაძლოა ჩაერთნონ უკრაინის არამხოლოდ ევროპელი პარტნიორები, არამედ კოლეგები აფრიკიდან, აზიიდან და სამხრეთ ამერიკიდან.
განსხვავებული ხედვები გამარჯვებაზე
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - რამდენად სჯერა ჯო ბაიდენის უკრაინის გამარჯვების? ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამაში დარწმუნებულია, თუმცა დასძინა, რომ უკრაინასა და დასავლეთში გამარჯვება განსხვავებულად ესმით.
"დასავლეთისთვის მთავარი გამარჯვებაა ის არის, რომ არ დაუშვან უკრაინის ოკუპაცია და მიუჩინოს პუტინს თავისი ადგილი."
ზელენსკის თქმით, დასავლეთს არ სურს დესტაბილიზაცია რუსეთში და ამიტომაც არ ისახავს მიზნად უკრაინის სრულ გამარჯვებას. "ყველას ეშინია, თუ რა მოუვა რუსეთს პუტინის გარეშე, ყველას ეშინია ხომ არ გაუარესდება რუსეთის ქცევა."
ზელენსკის თქმით, უკრაინელები მადლიერები არიან დასავლეთის მიღებული დახმარებისთვის, მაგრამ "საჭიროა სამართლიანობა, დაკმაყოფილება. როგორ უნდა შევხედოთ თვალებში იმ ადამინებს, რომლებმაც ომში ახლობლები დაკარგეს."
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა გამარჯვების მისეულ ხედვაზე - მისი აზრით ჯერჯერობით, ნაადრევია იმის თქმა, რომ უკრაინამ უკვე შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა.
ზელენსკის თქმით, თუ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას არ მიიღებენ ნატოსა და ევროკავშირში რუსეთის განმეორებითი აგრესიის დიდი რისკი იარსებებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გამარჯვების ყველაზე მთავარი კრიტერიუმი კი სწორედ შემდგომი აგრესიების არდაშვებაა. ზელენსკის თქმით, ამ კუთხით ყველაზე ეფექტური გარანტია უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება იქნება.
"ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირში, ეს ეკონომიკური უსაფრთხოებაა, ჩვენ უნდა ვიყოთ ნატოში, თუ ეს არ გვაქვს კვლავ დიდი რისკების წინაშე ვართ. მტერი დაბრუნდება."
როდის დასრულდება ომი
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი - ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე მუშაობს კონკრეტულ სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც წლის ბოლომდე წარმოადგენს.
ზელენსკის თქმით, ივნისში შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტზე უკრაინამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა შეეცდება მის მიერ შედგენილი გეგმა შუამავლების მეშვეობით კრემლის წინაშე აღმოჩნდეს, მანამდე კი ქვეყანა გააგრძელებს საერთაშორისო არენაზე აქტიურ მუშაობას, რათა მოლაპარაკებების დაწყების მომენტში რუსეთი უფრო სუსტი იყო.