ჩვენი გამარჯვება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება იქნება - კულება
უკრაინისთვის ომში დასახული მიზნები შეიცვალა და თუკი ცოტა ხნის წინ სასურველი მიზანი 24 თებერვლამდე არსებულ ვითარებასთან დაბრუნება იყო, დღეს უკვე ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაა - ამბობს დმიტრო კულება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
კულებას თქმით, ამ დროისთვის მთავარია დასავლეთმა, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს უკრაინას დაპირებული შეიარაღება. ეს კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს საშუალებას უკუაგდონ რუსეთის საოკუპაციო ძალები.
"ომის პირველ თვეებში ჩვენთვის გამარჯვებად შეფასდებოდა რუსეთის ჯარების დაბრუნება 24 თებერვლამდე დაკავებულ პოზიციებზე და მიყენებულ ზიანის ანაზღაურება. დღეს კი, თუ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით გავიმარჯვებთ დონბასისთვის ბრძოლაში, ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ომის მომდევნო დინამიკაში. რა თქმა უნდა, ამ ომში ჩვენთვის გამარჯვება იქნება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება", - ამბობს კულება.
მინისტრის თქმით, მხოლოდ რუსეთის დამარცხებით იქნება შესაძლებელი უკრაინის ბლოკირებული შავი ზღვის პორტების გახსნა და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის გამოცოცხლება.
ამავდროულად, კულება ამბობს, რომ ომის მასშტაბისა და სისხლისღვრის ზრდის პარალელურად, გაიზრდება მოლაპარაკებების საჭიროებაც და უკრაინას სურს ამ მომენტს "მაქსიმალურად ძლიერი კარტით" შეხვდეს.
კულებამ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზეც, რომლის თქმითაც, უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელი იქნება და პროცესს შესაძლოა ათწლეულებიც კი დასჭირდეს:
"სამი თვის წინ ამ ქვეყანას წევრობის პერსპექტივაც არ ჰქონდა, დღეს კი უკვე იმაზე მსჯელობენ, თუ რა დრო დაჭირდება ამ პროცესს".
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანია ივნისში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
"თუ ჩვენ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ერთი რამის ნიშანი იქნება - ევროპა ჩვენს გაცურებას ცდილობს და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ. უკრაინა არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც ადამიანები იმ ფასეულობების გამო კვდებიან, რასაც ევროკავშირი ეფუძნება."
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონფლიქტის გლობალურ განზომილებაზეც ისაუბრა. კულებას თქმით, ჯერ კიდევ სამი თვის წინ მსოფლიოში ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მიმდინარეობდა და დემოკრატია უკუსვლას განიცდიდა, ეს ყველაფერი კი უკრაინის წინააღმდეგობამ შეცვალა.
"ისინი [დასავლეთი] გრძნობენ, მათ იციან, რომ ჩვენი გამარჯვება მათი გამარჯვებაც იქნება, ამიტომაც მჯერა, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან".