"ჩვენი მოთმინება უსასრულო არ არის",- ირანი საუდის არაბეთს აფრთხილებს

ირანის დაზვერვის მინისტრმა, საუდის არაბეთს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება მოსთხოვა და იქვა დაამატა, რომ მათი მოთმინება უსასრულო არ არის. 

"ამ დრომდე, ირანი მოთმინებისა და რაციონალურობის ერთგული იყო, თუმცა საუდის არაბეთის მხრიდან, მტრული ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ამ პოლიტიკის გაგრძელებს გარანტია არ იარსებებს",- განაცხადა ესმაილ ხათიბმა. 

მინისტრის სიტყვებს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან აფილირებული საინფორმაციო სააგენტო Fars News ავრცელებს. 

კონტექსტი 

პირველ ნოემბერს Wall Street Journal წერდა, რომ საუდის არაბეთის დაზვერვამ, აშშ-ს ირანის მიერ დაგეგმილი სამხედრო შეტევის შესახებ შეატყობინა. 

სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, ირანმა შესაძლოა დარტყმა მიიტანოს როგორც ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ერბილზე, ასევე უშუალოდ საუდის არაბეთის ტერიტორიაზეც. 

სამეფოს დაზვერვის სამსახური ვარაუდობდა, რომ ამ გზით, ირანი ქვეყნის შიგნით, თითქმის 40 დღის განმავლობაში მიმდინარე, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებისგან, ყურადღების გადატანას შეეცდებოდა. 

გასული სექტემბრიდან მოყოლებული, ირანმა არაერთხელ მიიტანა შეტევა ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქალაქ ერბილზე. ერთ-ერთი ასეთი რაკეტა, აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო, ამერიკული მხარის ინფორმაციით, რაკეტა აშშ-ს სამხედრო ბაზის მიმართულებით იყო გაშვებული. 

თავის მხრივ, ირანი ერბილზე განხორციელებულ დარტყმებს იმით ხსნის, რომ ადგილზე "მოკალათებული" ქურთული სეპარატისტული დაჯგუფებები, ირანში არეულობის პროვოცირებას ცდილობენ. 

ოქტომბრის ბოლოს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ საუდის არაბეთისგან კატეგორიულად მოითხოვა, აღეკვეთათ სამეფოს მიერ დაფინანსებული სპარსულენოვანი მედიების მუშაობა. 

"ეს ჩვენი ბოლო გაფრთხილებაა, რადგანაც ამ მედიების საშუალებით, თქვენ ერევით ჩვენს შიდა საქმეებში",- თქვა ჰოსეინიმ. 

ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, უკვე 40 დღეზე მეტია მიმდინარეობს. 

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 200-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო დაპატიმრებულია 1000-ზე მეტი. ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები, მოგვიანებით ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა. 

ირანი, საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია, რასაც ათწლეულების განმავლობაში იყენებენ.

2019 წლის ზაფხულში, იემენში ირანის მიერ მართული ძალების კონტროლირებადი ტერიტორიიდან, საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე, დრონების გამოყენებით, მასშტაბური შეტევა განხორციელდა. 

მსგავსი სიახლეები