CNN: რუსეთის საარტილერიო ცეცხლი ბოლო პერიოდში 75%-ით არის შემცირებული

ბოლო პერიოდში რუსეთის საარტილერიო ცეცხლის მოცულობა 75%-ით არის შემცირებული, თუმცა უკრაინულ და ამერიკული წყაროებს მკვეთრი კლების გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს

ტელეარხის ცნობით, რუსეთის მხრიდან საარტილერიო ცეცხლის კლების  მიზეზებს შორის განიხილება ჭურვების შეზღუდული მარაგი და სამხედრო ტაქტიკის ცვლილება, რაც უკრაინის წარმატებული კონტრიერიშებით არის გამოწვეული. 

ამ დრომდე რუსეთის შეიარაღების მარაგთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა დამიზნებადი რაკეტების მარაგს უკავშირდებოდა, მაგრამ სავარაუდოა მოსალოდნელზე უფრო მეტ ხანს გაგრძელებულმა და მოულოდნელმა ომმა რაკეტების გარდა, რუსეთის საარტილერიო ჭურვების საწყობებიც შეამცირა. 

გასულ დეკემბერს ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე 40 წლის წინ დამზადებულ ჭურვებს იყენებს, რაც სწორედ კლებად მარაგებზე მიუთითებს. ამასთანავე ამერიკული დაზვერვის ცნობით, რუსეთი ცდილობს საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეისგანაც მიიღოს. 

კონტექსტი

რუსეთის არმიის ისტორიასა და დოქტრინაში არტილერიას წამყვანი როლი აქვს - მოქმედების გეგმა პირველ რიგში მასირებულ საარტილერიო ცეცხლსა და დაბომბვებს გულისხმობს, რის შემდეგაც საქმეში ქვეითები უნდა შემოვიდნენ. სწორედ ამ ტაქტიკს მისდევდა რუსეთი უკრაინაში ომის პირველ ფაზაში. 

სწორედ ასეთი ტაქტიკითა მიწასთან გაასწორა და დაიკავა რუსეთის არმიამ მარიუპოლი, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და უკრაინის სხვა ქალაქები. 

ამერიკული წყაროების ცნობით, ცლილება შესაძლოა არმიის ხელმძღვანელობაში განხორციელებულ საკადრო გადაადგილებებს უკავშირდებოდეს - უპირველას სერგეი სუროვიკინს, რომელსაც ამერიკული დაზვერვა წინამორბედებზე უფრო კომპეტენტურად მეთაურად მიიჩნევს. 

საერთო კლების მიუხედავად წყაროები მიუთითებენ, რომ კლება სწორხაზოვანი არ არის - "ჩვენ ჯერ ვხედავთ, რომ გარკვეულ დღეებში რუსები კვლავ ძალიან ბევრ ჭურვს ისვრიან". 

უკრაინული წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ყოველდღიურად ნასროლი ჭურვების რაოდენობა 60 ათასიდან 20 ათასამდე შემცირდა, ხოლო ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთის საარტილერიო ცეცხლი დღეში 20 ათასი ჭურვიდან 5 ათასამდე შემცირდა. 

განსხვავებული რიცხვების მიუხედავად კლების ფუნდამენტური ტენდენცია აშკარაა. ამავე წყაროების ცნობით, უკრაინასთან შედარებით რუსეთს ჭურვების კვლავ უფრო მარაგი აქვს, თუმცა სხვაობა დასავლეთის გაზრდილ მხარდაჭერასთან ერთად დრამატულად შემცირდა. 

რუსეთის მხრიდან საარტილერიო ცეცხლის მოცულობის შემცირებაზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ დასავლელი სამხედრო ექსპერტებიც. მათ შორის ამაზე საუბრობს საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამის დირექტორი, მაიკლ კოფმანიც. 

თავის სტატიაში, რომელიც ომის განვითარების მოსალოდნელი სცენარების ანალიზს ეძღვნება კოფმანი წერს - "თუ გაზაფხულზე რუსეთს ცოცხალი ძალის დეფიციტი ჰქონდა, რომელსაც საარტილერიო ცეცხლში დრამატული უპირატესობით აკომპენსირებდა, დღეს რუსეთს უკვე ჰყავს საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები, მაგრამ აღჭურვილობისა და მათ შორის საარტილერიო ჭურვების ნაკლებობას განიცდის". 

კოფმანი მიუთითებს, რომ ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რამდენ ხანს ეყოფა რუსეთს ჭურვების არსებული მარაგი, ექსპერტი მიუთითებს, რომ ამაზე განსხვავებული შეფასებები აქვთ დასავლურ დაზვერვშიც, რაც მარაგების შეფასებისა და დათვლის მეთოდოლოგიებში სხვაობით არის განპირობებული. 

კოფმანის აზრით სრულიად დასაშვებია, რომ 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდზე რუსეთის არმიაში საარტილერიო ჭურვების შიმშილი დაიწყება, რომლის ამოვსებაც კრემლს გაუჭირდება. კოფმანის თქმით, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მიერ ყოველთვიურად წარმოებული ჭურვების მოცულობა დრამატულად ჩამორჩება ჭურვების მოხმარების რაოდენობას. მისი აზრით, კლება იმდენად დიდია, რომ მისი კომპენსირების რესურსი არც ჩრდილოეთ კორეას აქვს. 

საარტილერიო ჭურვების უკმარისობა მეტყველებს განსაკუთრებით ბოლო კვირებში რუსეთის ფაშისტურ და სამხედრო ტელეგრამზე გავრცელებული ცნობები. მათ შორის პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ მობილიზებულებს, რომლებსაც თითქმის 2 თვის განმავლობაში საარტილერიო ნაწილში მსახურებისთვის წვრთნიდნენ, უეცრად ქვეით ნაწილში გაგზავნეს. 

თავის მხრივ რუსეთის არმიაში საარტილერიო ჭურვების სიმცირე ცოტა ხნის წინ დაადასტურა დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა იგორ სტრელკოვმა. რუსი ბოევიკის თქმით, "ჭურვების შიმშილი" ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, თუმცა შემოდგომიდან მოყოლებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. 

მსგავსი სიახლეები