დანია და ნიდერლანდები უკრაინას 14 Leopard 2-ს გადასცემენ
დანია, ნიდერლანდებთან ერთად, უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ დანიური გამოცემა DR.dk წერს.
უკრაინისთვის ტანკების გადაცემის სურვილზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადეს.
"ჩვენ ვსაუბრობთ დანიის მხრიდან დიდ დახმარებაზე, ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკრაინას გადავცემთ 14 Leopard 2-ის ტანკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რასაც ემატება 100-მდე Leopard 1, რაზეც უკვე განვაცხადეთ", - აღნიშნა რასმუსენმა.
პოულსენმა თქვა, რომ ტანკებს უკრაინა, სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში მიიღებს.
"ეს არ არის დანიური ტანკები. ეს არის თანამშრომლობა ტანკების მიწოდებაზე, რომლებიც არ არის დანიური, მაგრამ რომლებიც შეძენილია ნიდერლანდებთან თანამშრომლობით. საიდუმლო არ არის, რომ იყო ფართო სურვილი და განიხილებოდა Leopard 2-ის ტანკების გადაცემის შესაძლებლობა. ახლა ეს შესაძლებელია, ჩვენ ბედნიერები ვართ და ვამაყობთ ამით", - განმარტა მან.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დანიის მიზანია 2023 წლის ბოლომდე უკრაინას მინიმუმ 80 Leopard 1-ის ტანკი მიაწოდონ, "რაც ხელს შეუწყობს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერას."