დანია უკრაინას 336 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს
დანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2.3 მილიარდი დანიური კრონია (336.6 მილიონი დოლარი).
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს CAESAR-ის თვითმავალ საარტილერიო სისტემებს და მათ ჭურვებს.
ახალი პაკეტით CAESAR-ის საარტილერიო ჭურვებს საფრანგეთთან თანამშრომლობით და 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს ესტონეთთან და ჩეხეთთან თანამშრომლობით შეიძენენ.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ ამ დახმარების პაკეტით კოპენჰაგენი კიევს და მის ევროპელ მოკავშირეებს აჩვენებს, რომ დანიას აქვს ნება და შესაძლებლობა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
"იმედი მაქვს, რომ მეტი ქვეყანა მიჰყვება ამ მაგალითს და ხელს შეუწყობს შესაძლებლობების სწრაფ რეალიზაციას," - აღნიშნა მან.
დანია არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დონორი მისი ეკონომიკის სიდიდის მიხედვით. სამხედრო დახმარების წინა პაკეტი, 1.7 მილიარდი კრონი (247.4 მილიონი დოლარი) ქვეყანამ თებერვლის შუა რიცხვებში გამოყო.
მანამდე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ევროპამ თავი უნდა აირიდოს 1930-იანი წლების შეცდომებს და გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია რუსეთის შეკავების მიზნით.