დანიის პრემიერი: უკრაინას 110 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადავცემთ

რუსეთთან ომში უკრაინის მხარდასაჭერად დანია დამატებით 110 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოყოფს, რომელიც იარაღის შეძენასა და უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დაიხარჯება. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა 11 აგვისტოს კოპენჰაგენში უკრაინის მხარდამჭერი ჩრდილოეთ ევროპის მოკავშირეების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები ამ ომში აუტანელ ფასს იხდიან და დანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას აგრესორი ქვეყნის დასამარცხებლად.

"და იმედია, დღეს ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ კიდევ უფრო მეტ კონტრიბუციაზე და, რა თქმა უნდა, დანია მზადაა შეასრულოს თავისი ნაწილი. დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვაცხადოთ ახალი კონტრიბუცია 110 მილიონი ევროს ოდენობით იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლებისთვის", - თქვა ფრედერიკსენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "ეს ომი მხოლოდ ტერიტორიებსა და საზღვრებს არ ეხება, ეს არის რწმენის ომი დემოკრატიასა და ტირანიას შორის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც ევროპა, თავისუფალი სამყაროა დაფუძნებული".

მსგავსი სიახლეები