დასავლელი ექსპერტების ცნობით უკრაინისთვის ფრონტზე მოსალოდნელზე კარგი ვითარებაა

ვითარება ფრონტის ხაზზე არ გამოიყურება ისე, რომ უკრაინა იძულებული იყოს ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, მით უფრო მისთვის არახელსაყრელ პირობებზე. უკრაინელი მეომრები იგერიებენ საოკუპაციო არმიის იერიშებს და არ არიან დემორალიზებულები.
ამის შესახებ წამყვანი დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები, მაიკლ კოფმანი და რობ ლი ფრონტზე მორიგი პროფესიული მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ საუბრობენ.
საკუთარ პოდკასტში (Russia Contingency, წვდომა ფასიანია) კოფმანი ამბობს, რომ ფრონტზე ვითარება უკრაინისთვის მოსალოდნელზე უკეთ გამოიყურება. მისივე თქმით, რუსეთის იერიშის ტემპი ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული შესამჩნევად შემცირდა.
საოკუპაციო არმიის წინსვლის შემცირების მთავარ მიზეზად კოფმანი შემოდგომაზე ჯავშანტექნიკაში განცდილ მძიმე დანაკარგებს და უჩვეულოდ თბილ ზამთარს ასახელებს, რომლის პირობებში ნიადაგი არ გაიყინა, რამაც გაართულა ტექნიკის გადაადგილება.
გარდა ამისა, სამხედრო ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინის არმია ადაპტირდა რუსეთის არმიის ტაქტიკასთან და ისწავლეს მათთან გამკლავება, სანამ ისინი უკრაინულ პოზიციებს მიუახლოვდებიან. ამისთვის უკრაინელი ნაღმებს, საარტილერიო ცეცხლსა და დრონებს იყენებენ.
კოფმანს და ლის ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ უკრაინული ფრონტის გარღვევის საფრთხე - "მიმაჩნია, რომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ ვიხილავთ რამენაირ მნიშვნელოვან გარღვევას"- ამბობს რობ ლი.
საოკუპაციო არმიას არ ჰყოფნის ძალები რათა გააგრძელოს წინსვლა რამდენიმე მიმართულებით, ამბობს კოფმანი - რუსეთის მიმდინარე იერიში პრაქტიკულად 2023 წლის ნოემბრიდან გრძელდება და ამ დროისთვის ლოკალიზებულია 3-4 ოპერატიული მიმართულებით. ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში რუსეთის არმიას არ შესწევს ძალა ჩამოაქციოს ფრონტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ანალიტიკოსების თქმით, ჯო ბაიდენის მიერ ვადის ამოწურვამდე უკრაინისთვის დაჩქარებით მიწოდებულმა შეიარაღებამ უკრაინულ არმიას მისცა საშუალება გაეზარდა საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა.
ამასთანავე ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ უკრაინული ფრონტის მდგრადობა დამოკიდებული იქნება აშშ-ს სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე და მისი შეწყვეტის შემთხვევაში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში რისკები მკვეთრად გაიზრდება.
ლი და კოფმანი თანხმდებიან, რომ მომდევნო კვირებში მოსალოდნელია რუსეთის არმიის იერიშების გააქტიურება ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე.
"ეს არ არის ისეთი ვითარება, რომელშიც უკრაინამ მიიღოს ცუდი შეთანხმება ან წავიდეს არსებით დათმბობებზე",- ამბობს კოფმანი.
"ფრონტის ხაზზე მე არ მქონია განცდა, რომ მებრძოლები მზად არიან უბრალოდ დანებდნენ",- აგრძელებს ლი.
ორივე მათგანი თანხმდება, რომ ზაფხულისთვის უკრაინას შესაძლოა უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდეს მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამასთანავე, კოფმანი და ლი ამბობენ, რომ უკრაინული არმიის მთავარი პრობლემა კვლავ ცოცხალი ძალის ნაკლებობა, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა წლის მეორე ნახევარში და ამ მიმართულებით კვლავ სერიოზული გამოწვევები არსებობს.
უკრაინული არმიის მიერ დანერგილი ცვლილებებიდან ექსპერტები გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატების ფართე ინტეგრაციას - მათ შორის სულ უფრო ხშირად იყენებენ ასეთ აპარატებს ცოცხალი ძალის საბრძოლო მასალებით მომარაგებისთვის მოწინავე პოზიციებზე. დადებითი ეფექტი იქონია უკრაინის მიერ სხვადასხვა ტიპის დრონების წარმოების მკვეთრა ზრდამ - 2024 წელს ქვეყანამ ჯამურად 1.6 მილიონი დრონი გამოუშვა.
კოფმანის შეფასებით უკრაინა კვლავ აკონტროლებს კურსკის პლაცდარმის 40%-ს - მისი შეფასებით რუსეთის მცდელობები დაიბრუნონ ტერიტორიები ნაკლებად ინტენსიურია, ხოლო მაღალი დანაკარგების გამო შეხების ხაზიდან ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები უკვე გაიყვანეს.
მაიკლ კოფმანი კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი და საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამის დირექტორია.რობ ლი ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოფიცერი და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია.