დასავლეთ ბალკანეთის ლიდერები ევროპის კავშირის ზრდის ახალ გეგმას მხარს უჭერენ
სკოპიეში შეკრებილმა სერბეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ისინი მზად არიან ევროპული სტანდარტების შესაბამისად“ განვითარდნენ. ამას გარდა, აღნიშნეს, რომ სრულად გამოიყენებენ ევროპის კავშირის ფინანსური დახმარების გეგმას, რომელიც 6 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მოიცავს.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროის კავშირთან ინტეგრაციის სხვდასხვა ეტაპზე იმყოფებიან:
ალბანეთი - წევრობაზე განაცხადი გააკეთა 2009 წელს, კანდიდატის სტატუსი მიიღო 2014 წელს;
სერბეთი - წევრობაზე განაცხადი გააკეთა 2009 წელს, კანდიდატის სტატუსი მიიღო 2012 წელს;
მონტენეგრო - წევრობაზე განაცხადი გააკეთა 2008 წელს, კანდიდატის სტატუსი მიიღო 2010 წელს;
ჩრდილოეთ მაკედონია - წევრობაზე განაცხადი გააკეთა 2004 წელს, კანდიდატის სტატუსი მიიღო 2005 წელს;
ბოსნია და ჰერცეგოვინა - წევრობაზე განაცხადი გააკეთა 2016 წელს, კანდიდატის სტატუსი მიიღო 2022 წელს;
კოსოვო - წევრობაზე განაცხადი გააკეთა 2022 წელს.
გასული წლის ნოემბერში ბრიუსელმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ე.წ. ზრდის გეგმა წარადგინა, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ევროპული გაერთიანების ერთიან ბაზარზე ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, რეგიონული ეკნომიკური თანამშრომლობის, ფუნდამენტური რეფორმების დაჩქარებისა და ფინანსური დახმარების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
გეგმა 7 ძირითად პრიორიტეტს მოიცავს: საქონლის თავისუფალ გადაადგილებას; სერვისებისა და მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას; ევროს გადახდების ერთიან ზონაზე (SEPA) წვდომას; საგზაო ტრანსპორტის ხელშეწყობას; ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციას და დეკარბონიზაციას; ერთიან ციფრულ ბაზარს და სამრეწველო მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციას.
ევროპის კავშირი იმედოვნებს, რომ ზრდის გეგმა EU-ში ნელი ინტეგრაციით გადაღლილ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობაში იმედგაცრუების შეგრძნებას აღმოფხვრის. გარდა ამისა, დასავლეთთან უკვე არსებულ კავშირებს უფრო მეტად განამტკიცებს და გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს.
ორშაბათს სკოპიეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა, კოსვოს პრემიერ-მინისტრი, ალბინ ქურთი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი, მილოიკო სპაიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერი, დიმიტარ კოვაჩევსკი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი და ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი.