Der Spiegel: გერმანია უკრაინის დახმარებას 15 მილიარდ ევრომდე გაზრდის

გერმანიას შეუძლია უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა სამიდან 15 მილიარდ ევრომდე გაზარდოს. ამის შესახებ Der Spiegel, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბუნდესტაგში გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილზე დაყრდნობით 27 მარტს წერს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო მდივანმა ფლორიან ტონკარმა ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა მოთხოვნა კონკრეტული საბიუჯეტო მუხლების დაფინანსების გაზრდის შესახებ, საიდანაც თანხები გამოიყოფა უკრაინის დასახმარებლად.

დოკუმენტის მიხედვით, "უსაფრთხოების, თავდაცვისა და სტაბილიზაციის სფეროში პარტნიორი სახელმწიფოების მოდერნიზაციისთვის" წელს გამოყოფილი 2.2 მილიარდი ევრო 5.4 მილიარდ ევრომდე უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, Der Spiegel-ის თანახმად, მომდევნო წლებში კიდევ 8.8 მილიარდი ევრო უნდა იყოს მიმართული "ვალდებულებების ასიგნებებზე." გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ამ თანხის ფარგლებში ხელშეკრულებების გაფორმება შეეძლო. ამ დროისთვის გერმანიის ბიუჯეტში 1 მილიარდი ევრო ხარჯებია ამ პუნქტში გათვალისწინებული.

გერმანია უკრაინას მატერიალური ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება

Der Spiegel კონფიდენციალური წერილის სხვა ფრაგმენტებსაც აქვეყნებს, სადაც დამატებითი თანხების საჭიროებებზეა საუბარი: "უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი მატერიალური დანაკარგების გამო, საჭიროა ახალი მასალების მიწოდება."

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგრადი აღჭურვის მიზნით მათი საჭიროებების შესაბამისად, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიდოს მრავალი შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ასევე ამართლებს გადახდის ვალდებულებებს მომავალი საბიუჯეტო წლებისთვის", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უპირველეს ყოვლისა დაგეგმილია საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის, სადაზვერვო ჯავშანტექნიკის, ასევე გერმანიის მიერ მიწოდებული საარტილერიო სისტემებისთვის საბრძოლო მასალის შეძენა.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს თქმით, დამატებითი ხარჯები "ობიექტურად გარდაუვალია, რადგან უკრაინის მხარდაჭერის გარეშე, არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინა წააგებს თავდაცვით ბრძოლას რუსი აგრესორის წინააღმდეგ, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება ევროპული სამშვიდობო წესრიგისთვის."

მსგავსი სიახლეები