დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გორდონის კუთვნილი ონლაინ გამოცემა ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით დიმიტრი გორდონი კიევიდან თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა, თუმცა საპასპორტო კონტროლი ვერ გაიარა.
"თბილისში დაახლოებით 1 საათის წინ ჩამოვფრინდი, მთელი ეს დრო საპასპორტო კონტროლის გავლას ველოდებოდი. სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა მეკრძალება. არანაირი მიზეზი არ დაუსახელებიათ",- წერს დიმიტრი გორდონი.
თავად უკრაინელი ჟურნალისტი მომხდარს მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელებას უკავშირებს. სააკაშვილსა და გორდონს პირადი მეგობრობა აკავშირებთ.
"მომხდარს ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შესაბამის უწყებებს მიმართა თხოვნით, რომ დაეორგანიზებინათ ჩემი ვიზიტი რუსთავის ციხეში", - წერს გორდონი.
უკრაინელმა ჟურნალისტმა მომხდარს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს მთავრობის სირცხვილი უწოდა. გორდონი წერს, რომ კიევში იმავე თვითმფრინავით დაბრუნდება, რითაც ჩამოფრინდა.