დონალდ ტუსკი საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიზანი პოლონეთსა და ევროპის მნიშვნელოვან პარტნიორებს შორის ურთიერთობების „გამოცოცხლებაა“.
ტუსკის განცხადებით, ევროპის სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის დაბრუნების მოლოდინი არსებობს.
ტუსკის ვიზიტებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება. მისი თქმით, ის წაახალისებდა რუსეთის ფედერაციას, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.
„არ გადაიხადე? დამნაშავე ხარ?“ მან თქვა: „დიახ, მოდით, ვთქვათ, რომ ასე მოხდა“, რაზეც ვუპასუხე: „არა, მე არ დაგიცავ“. რეალურად, მე რუსებს წავახალისებდი, გაეკეთებინათ ის, რაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, - დონალდ ტრამპი.
„ევროპა უნდა გახდეს უსაფრთხო კონტინენტი და ეს ნიშნავს, რომ ევროპის კავშირი, საფრანგეთი და პოლონეთი უნდა გახდნენ იმდენად ძლიერები, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები, საკუთარი ტერიტორია, ასევე დაიცვან და მხარი დაუჭირონ საკუთარ მოკავშირეებსა და გაერთიანების მიღმა არსებულ პარტნიორებს. ალტერნატივა არ აქვს ევროპის კავშირს, ალტერნატივა არ აქვს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას, ალტერნატივა არ აქვს ნატო-ს“, - დონალდ ტუსკი.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტუსკის კოალიციამ, რომელსაც ჯამში 248 მანდატი აქვს, მუშაობა 13 ნოემბერს - პოლონეთის პრეზიდენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ დაიწყო.