დრაგი: პუტინმა მითხრა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის დრო ჯერ არ დამდგარა
იტალიის პრემიერმა ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო ზარზე ისაუბრა. მარიო დრაგის თქმით, პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.
ამ თემაზე იტალიელმა პრემიერმა გაზეთ Сorriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მე მას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე სალაპარაკოდ ვურეკავდი. პუტინს ვკითხე: როდის შეხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ გამოსავლის პოვნა. მან მიპასუხა: ამის დრო ჯერ არ დამდგარა. მე მოვუწოდებდი მიეღო ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება და ისევ - არა, ამის დრო ჯერ არ დამდგარა",- ამბობს მარიო დრაგი.
იტალიელის პრემიერის თქმით, პუტინს პირადად მოახსენა მისი ინიციატივის შესახებაც, რომელიც რუსულ გაზზე საფასო ჭერის დაწესებას ეხება.
ამ ინიციატივით დრაგი რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა - ევროკავშირი რუსეთიდან ჯამურად ექსპორტირებული გაზის ნახევარს ყიდულობს. ეს კი იარაღია, რომელიც შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ.
დრაგის თქმით, ეს ინიციატივა სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ საკითხზე გადაწყვეტილება ევროგაერთიანების შემდეგ სამიტზე იქნება მიღებული. იტალიელი პრემიერი ამბობს, რომ აუცილებელია, რუსეთს შეუმცირდეს ის დაფინანსება, რომელსაც ენერგორესურსების ევროპაში გაყიდვით იღებს.