დრონების სანაცვლოდ რუსეთმა ირანს ფულთან ერთად დასავლური იარაღი გადასცა
საჰაერო დრონების სანაცვლოდ, რუსეთმა ირანს 140 მილიონ ევროსთან ერთად, დასავლური ტიპის შეიარაღების ეგზემპლარები გადასცა, რომელიც მათ უკრაინაში ჩაუვარდათ ხელში.
ამ ინფორმაციას, Sky News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ბრიტანულ NLAW-ის ტიპის და ამერიკული წარმოების Javelin-ებსა და Stinger-ებზე, რომელიც, ტელეარხის ინფორმაციით, თეირანში 20 აგვისტოს, სამხედრო თვითმფრინავებით ჩაიტანეს.
ეს არის შეარაღების ის ნაწილი, რომელიც უკრაინას დასავლეთმა მიაწოდა და საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, ხელში ოკუპანტებს ჩაუვარდათ.
სავარაუდოდ, ირანი აღნიშნული სისტემის იაფი ანალოგის შემუშავებას შეეცდება, როგორც ეს დრონების შემთხვევაში მოხდა.
ტელეარხის ინფორმაციით, თავის მხრივ, ირანმა რუსეთს 160 სხვადასხვა ტიპის დრონი გადასცა. გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მხარეებმა ახალ შეთანხმებასაც მიაღწიეს, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი ირანისგან 200 მილიონი ევროს ღირებულების საფრენ აპარატებს მიიღებს.
Sky-ის ხელში ჩაუვარდა სატელიტური ფოტოებიც, სადაც დაფიქსირებულია თეირანის აეროპორტში მყოფი რუსული სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც სულ რამდენიმე საათის შემდეგ, უკან გაფრინდნენ.
ტელეარხი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 20 აგვისტოდან მოყოლებული, დრონების წასაღებად, ირანში მინიმუმ ხუთი IL-76-ის ტიპის თვითმფრინავი ჩაფრინდა.
კონტექსტი
ირანული წარმოების დრონები ომის მიმდინარე ფაზაში რუსეთის ყველაზე ეფექტურ იარაღად გადაიქცა, რომლის მეშვეობითაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს.
მასირებული საჰაერო შეტევები, უკრაინის სამოქალაქო და განსაკუთრებით ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ირანი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა რუსეთისთვის დრონების მიწოდების ფაქტს, თუმცა გასულ კვირას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მირ ჰოსეინ აბდოლაჰიანმა, ეს ფაქტი აღიარა.
აბდოლაჰიანის თქმით, რუსეთს დრონები ომის დაწყებამდე გადასცეს.
რუსეთისთვის გადაცემული ირანული წარმოების დრონები, ამერიკული დრონის ბაზაზეა გაკეთებული, რომელიც თეირანს, 2011 წელს, ხელში ავღანეთიდან ჩაუვარდა.
იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა დაანონსა, რომ მათ კარგად შეისწავლეს ამერიკული დრონი და ანალოგის შექმნას აპირებდნენ.