დრონის თავდასხმა თელ-ავივის ცენტრზე: დაიღუპა ერთი ადამიანი
19 ივლისს თელ-ავივის ცენტრს დრონი დაესხა თავს. აფეთქებას 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავდა კიდევ რვა ადგილობრივი მცხოვრები, ოთხ მათგანს ნამსხვრევებით ჭრილობები აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება აშშ-ის საელჩოს შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მოხდა. იემენის ჰუსიტურმა მოძრაობამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოიყენა ახალი დრონი, რომელსაც, სავარაუდოდ, შეუძლია საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლით გადაადგილება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) თავის მხრივ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მისი ჩამოგდება ადამიანური შეცდომის გამო ვერ შეძლეს. ამავე მიზეზით, არ ჩართულა საჰაერო განგაში. მოგვიანებით IDF-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი შესაძლოა იემენიდან გაუშვეს.
ისრაელსა და "ჰამასის" ტერორისტებს შორის ომის ფონზე, იემენელი ჰუსიტები 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან უტევდნენ კომერციულ და სამხედრო გემებს წითელ ზღვაში, მათ შორის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ამასთანავე, ბომბავდნენ ისრაელის უკიდურესი სამხრეთის დასახლებებს.
16 ივლისს აშშ-ის არმიამ დაადასტურა, რომ ჰუსიტები ორ სავაჭრო გემს დაესხნენ თავს წითელ ზღვაში.