დუდა: პირველად რუსეთი თავს საქართველოს დაესხა, შემდეგ უკრაინას
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ მან 23 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი უკვე რამდენიმეჯერ იყო აგრესორი. მთელი ამ ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ ის სახელმწიფოები იყვნენ, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ და დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვეს. მათ რუსეთმა შეუტია - პირველი საქართველო იყო, შემდეგ უკრაინა და დღეს ისევ უკრაინაა", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მშვიდობიანი მეთოდებით შეჩერება შესაძლებელია.
"სანქციები უნდა იყოს ძალიან ძლიერი: რადგან პოლონეთი ესაზღვრება კალინინგრადის რეგიონს, მე მხარს დავუჭერ სანქციებს, რომლებიც შეუძლებელს გახდის რუსეთის მოქალაქეებისთვის პოლონეთში შემოსვლას. თუ პრეზიდენტი პუტინი ასე მოქცევას გააგრძელებს, გათელავს საერთაშორისო სამართალს, თავს დაესხმება მშვიდობიან სახელმწიფოებს, წაართმევს მშვიდობიანად ცხოვრების უფლებას სხვა ადამიანებს - მაგალითად უკრაინის მოქალაქეებს - ეს შორსმიმავალი ნაბიჯები გარდაუვალი იქნება." - განაცხადა დუდამ.
23 თებერვალს კიევს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვია.