დუდა: პოლონეთის ახალი სეიმის პირველი სხდომა 13 ნოემბერს ჩატარდება
პოლონეთის ახალი მოწვევის სეიმის პირველი სხდომა 13 ნოემბერს ჩატარდება. ამჟამად პრემიერ-მინისტრობის ორი შესაძლო კანდიდატი განიხილება, რადგან მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც განაცხადეს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები აქვთ.
ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრობის ორი სერიოზული კანდიდატი, არის ორი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც აცხადებენ, რომ აქვთ უმრავლესობა პარლამენტში და ჰყავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ერთი ჯგუფი არის კანონი და სამართლიანობა (PiS), როგორც არჩევნებში გამარჯვებული გაერთიანება. მათი მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მატეუშ მორავიეცკი იქნება," - განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, ბოლო შეხვედრაზე PiS-ის წარმომადგენლებმა "პირდაპირ დასმული კითხვის საპასუხოდ" გამოთქვეს რწმენა, რომ ექნებათ საკმარისი ხმები მორავიეცკის დასამტკიცებლად.
ოპოზიციური ძალების - სამოქალაქო კოალიციის, მემარცხენე გაერთიანების და მესამე გზის კანდიდატი კი დონალდ ტუსკი იქნება, რომელიც პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მიანდობს პოლონეთის ახალი მთავრობის შექმნის უფლებას.
"ჩვენთვის ეს ახალი ვითარებაა, მაგრამ კონსტიტუცია გვაძლევს დროს. ამ კონტექსტში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მესამე გზის, სამოქალაქო კოალიციის და მემარცხენეების წარმომადგენლებს ვკითხე, აქვთ თუ არა კონკრეტული წინადადებები მთავრობის შესაძლო შემადგენლობასთან დაკავშირებით. მე მივიღე პასუხი, რომ ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალურად ხელმოწერილი კოალიციური შეთანხმება და, შესაბამისად, ჯერჯერობით შეუძლებელია კონკრეტული გვარების წარდგენა, რომლებიც მინისტრობის კანდიდატები იქნებიან. როგორც ხედავთ, ეს საკითხი კოალიციური მოლაპარაკებების საგანია," - განაცხადა დუდამ.
მისივე თქმით, ახალი სეიმის პირველი სხდომა მოქმედი ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მეორე დღეს, 13 ნოემბერს გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომის თარიღთან დაკავშირებით საჭირო რეზოლუცია ჯერ არ არის ხელმოწერილი და ამის გაკეთებას ის უახლოეს მომავალში გეგმავს.
"მე კონსულტაციების ყველა მონაწილე [პარტიები, რომლებსაც წარმომადგენლობა ექნებათ ახალ სეიმში] დავარწმუნე, რომ დაცული იქნება ყველა კონსტიტუციური ნორმა და ვადები ახალი სეიმის მუშაობის დაწყებასთან და ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით." - აღნიშნა დუდამ.