დუდა: უკრაინისთვის F-16-ების გაგზავნა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იქნებოდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მეოთხე თაობის გამანადგურებლების, F-16-ების უკრაინისთვის გადაცემა "ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იქნება". ეს პოზიცია მან ბრიტანელ წამყვან ლორა კუნსბერგთან ინტერვიუში გააჟღერა.

დუდას თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება "მარტივი არ არის." გარდა ამისა, აუცილებელია ამ საკითხზე ნატოს მოკავშირეებთან კოორდინაცია. პოლონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პოლონეთის საჰაერო ძალებს 50-ზე ნაკლები ასეთი გამანადგურებელი ჰყავს.

"ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა და კიდევ ბევრი დაგვჭირდება", - აღნიშნა მან.

ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა უკრაინას თვითმფრინავები გადასცენ.

"მოგმართავთ თქვენ და მთელ მსოფლიოს უბრალო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებით (გადაეცით - რედ.) საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინას, ფრთები - თავისუფლებისთვის." - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები