დუდა: ვფიქრობთ უკრაინას Mig-ები გადავცეთ, თუ F16-ის კოალიცია იქნება ჩავერთვებით
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა კვლავ განიხილავს მის განკარგულებაში არსებული საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას და ამავდროულად მზად არის ჩაერთოს F16-ების კოალიციაში, თუ ასეთი შეიქმნება.
ამის შესახებ ანჯეი დუდამ Укринформ-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ თუ ამერიკულ F16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას მრავალი თვე დაჭირდება, საბჭოთა თვითმფრინავების გამოყენება მათ პრაქტიკულად დაუყოვნებლივ შეუძლიათ.
"უკრაინელ პილოტებს შეუძლიათ ამ თვითმფრინავებით პირდაპირ სამშობლოში გაფრინდნენ. აქედან გამომდინარე, თუ უკრაინას Mig-29 ტიპის თვითმფრინავებს გადავცემთ, ეს დაუყოვნებლივ გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას",- განაცხადა დუდამ.
რაც შეეხება ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას, დუდამ განაცხადა, რომ პრობლემა ის არის, რომ პოლონეთის არ ყავს F16-ის ტიპის ბევრი თვითმფრინავი.
"ეს ჩვენთვის რთული მომენტია, ჩვენ თვითონაც ველოდებით ახალ თვითმფრინავებს. რა თქმა უნდა, თუ ნატოს ფარგლებში შეიქმნება ფართო საავიაციო კოალიცია ჩვენ ცალსახად შევუერთდებით. გადაწყვეტილება, თუ რა ფორმულით შეიძლება ეს განხორციელდეს ჩვენ მოკავშირეებთან ერთად უნდა მივიღოთ",- თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
კონტექსტი
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ საბჭოთა თვითმფრინავზეა საუბარი, თუმცა ომის დაწყებიდან მალევე უკრაინულმა პარლამენტმა პოლონეთს 28, სლოვაკეთს 12 და ბულგარეთს 14 საბჭოთა თვითმფრინავის გადაცემა თხოვა.
პოლონეთს ასევე სხვადასხვა ტიპის სულ 49 ერთეული ამერიკული წარმოების სამხედრო თვიმფრინავი აქვს.
ომის დაწყებიდან მალევე პოლონეთმა გამოთქვა მზაობა უკრაინის თვითმფრინავების გადაცემაზე, თუმცა მაშინ ამ იდეას მხარი აშშ-მ არ დაუჭირა.