დუდამ ისაუბრა, რას უნდა ველოდოთ პოლონეთში ბაიდენის ვიზიტისგან
პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი მნიშვნელოვანი ჟესტი იქნება როგორც უკრაინის, ისე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სააგენტო Укринформ-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს მეორედ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში იქნება, უკრაინის საზღვრიდან არც თუ ისე შორს. ეს ვიზიტი არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დიდი ჟესტი, როგორც უკრაინის, ასევე ჩვენ მიმართ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის. პრეზიდენტი ბაიდენი აჩვენებს, რომ ამერიკა გრძნობს პასუხისმგებლობას ევროპის ჩვენი ნაწილის უსაფრთხოებაზე. მისი აქ ყოფნით ის ასევე აჩვენებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის დამცველებს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ბაიდენის შემდეგი ვიზიტი პოლონეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დუდა დარწმუნებულია, რომ ეს "მომავალში კიდევ უფრო გაგვაძლიერებს."
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა არ გაამჟღავნა ბაიდენის ვიზიტის დეტალები, კერძოდ, ეწვევა თუ არა ის ქალაქ ჟეშოვს, რომელიც პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მდებარეობს და უკრაინის ჰუმანიტარული თუ სამხედრო ტვირთებით მომარაგების მთავარი პუნქტია.
"გარწმუნებთ, რომ ის იქნება პოლონეთში, იქნება ვარშავაში, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი შედგება. ჩვენ ასევე ველით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდება ცენტრალური ევროპის ქვეყნების, ე.წ. "ბუქარესტის ცხრიანის" ლიდერებს. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების მდგომარეობას ევროპის ჩვენს ნაწილში და, რა თქმა უნდა, როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა." - თქვა მან.