დუდამ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას არ შეაფერხებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ ის არ შეაფერხებს ოპოზიციური პარტიების კოალიციის მთავრობის დანიშვნას, თუ მატეუშ მორავიეცკი პარლამენტში საკმარის ხმებს ვერ მოიპოვებს.

დუბაიში კლიმატის სამიტის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დუდას ჰკითხეს რას მოიმოქმედებს ე.წ. "მეორე საკონსტიტუციო ნაბიჯის" შემთხვევაში - თუ მატეუშ მორავიეცკის მთავრობას სეიმი არ დაამტკიცებს.

მორავიეცკის ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ სეიმის ნდობა მოიპოვოს. თუმცა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.

"პროცედურას არ გავაჭიანურებ და არაფერს გადავდებ," - უპასუხა ანდჯეი დუდამ.

მან აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირება მორავიეცკის, როგორც არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერს ანდო.

"როგორც პირობა დავდე, ყველაფერს გავაკეთებ მშვიდად, ჩვენი საპარლამენტო, საარჩევნო და პოლიტიკური წეს-ჩვეულებების შესაბამისად, კონსტიტუციის დებულებების შესაბამისად... ყველაფერი იქნება კონსტიტუციური ნორმებისა და ვადების შესაბამისად," - განაცხადა მან.

ოთხშაბათს პოლონეთის სეიმის სპიკერმა, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა შიმონ ჰოლოვნიამ განაცხადა, რომ მორავიეცკის მიერ წარდგენილი მთავრობის კენჭისყრა 11 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე უნდა შედგეს.

ამასთან, თუ მთავრობა ნდობას ვერ მოიპოვებს, ე.წ. მეორე საკონსტიტუციო ნაბიჯის ფარგლებში სპიკერს პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატები წარედგინება.

სამი ოპოზიციური პარტიის პრემიერ-მინისტრობის ერთობლივი კანდიდატი ყოფილი პრემიერი, მთავარი ოპოზციური პარტიის ლიდერი დონალდ ტუსკია. ოპოზიციური მთავრობის კენჭისყრა 11 დეკემბერს გაიმართება და ახალი მთავრობა ფიცს არაუგვიანეს 13 დეკემბერსა დადებს.

მსგავსი სიახლეები