დუდამ რუსეთი გარეულ მხეცს შეადარა, რომელიც უნდა დახვრიტონ
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთი რაც შეიძლება მალე უნდა შეაჩერონ, რადგან მას შემდგომში შეიძლება მთელი უკრაინის დაპყრობის სურვილი ჰქონდეს.
დუდამ რუსეთი შეადარა "გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს."
"არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს ხელს შეუწყობს მის იმპერიალიზმს. ეს ჰგავს მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს. თუ მხეცი ადამიანს გადაყლაპავს, მაშინ ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ის უბრალოდ უნდა გამოიტყუო და დახვრიტო, რადგან ის მიჩვეულია ადამიანის ხორცის ჭამას, ასეა რუსეთიც," - განაცხადა მან.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი გონს მოვა, ის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე, შემდეგ კი პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გადავა.
"შესაძლოა დასავლეთს ეს არ ესმის, მაგრამ ჩვენ ეს კარგად ვიცით. ეს არის ომის წარმატებული და სამართლიანი დასრულების წინაპირობა. როგორ უნდა მოხდეს ეს? მინიმუმ საერთაშორისო სამართლის უზენაესობა უნდა აღდგეს. საერთაშორისო სამართალი კი მაშინ აღდგება, როდესაც რუსეთი უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან განიდევნება," - თქვა მან.
ამავე ინტერვიუში დუდამ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას სთავაზობენ, შესთავაზა რუსეთს თავიანთი ტერიტორიები დაუთმონ.