დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც პუტინს კიდევ ორჯერ შეეძლება პრეზიდენტობა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულების კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დღეს, 24 მარტს მიიღო. აღნიშნული კანონი დუმამ გასულ წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების აღსრულების ფარგლებში მიიღო. 

რუსეთის ამჟამინდელი კანონმდებლობით პრეზიდენტის თანამდებობაზე 2-ვადიანი ლიმიტი მოქმედებს, თუმცა ეს ლიმიტი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც უკვე იკავებდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, ასეთი კი რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი. ამგვარად ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადები ნულდება და მას კვლავ შეუძლია პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი. 

ამავე კანონით ძალაში შევიდა ახალი ბარიერები, რომლებსაც პრეზიდენტობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის მინიმალური ასაკი 35 წლით განისაზღვრა, სავალდებულოა რუსეთში ცხოვრების 25 წლიანი გამოცდილება, უცხოეთის მოქალაქეობის ან ცხოვრების ოფიციალური უფლების არ ქონა. საინტერესოა, რომ გამონაკლისია იმ ქვეყნების ან ტერიტორიების მოქალაქეობა, რომლებიც კანდიდატის ცხოვრების მომენტში არ შედიოდა რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. 

ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების განულების ინიციატივით გასული წლის მარტში დუმის დეპუტატი და პირველი ქალი კოსმონავტი, ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა. სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინმა სწორედ ამ მიზნით წამოიწყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მთავრობის გადაყენება და პრემიერმინისტრის ცვლილება მოყვა. 

პუტინისთვის ვადების განულების ინიციატივა საკონსტიტუციო რეფორმების პაკეტში შევიდა, რომლის ბედის საყოველთაო კენჭისყრით გადაწყდა. რუსეთის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ცვლილებას მხარი 78%-მა დაუჭირა. 

 

მსგავსი სიახლეები