ეკონომიკური დახმარება ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ - სეულის წინადადება ფხენიანს

ახლადარჩეული პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკური დახმარების „ამბიციურ გეგმაზე“ საუბრობს, თუ ფხენიანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის.

ინაუგურაციის სიტყვაში კონსერვატორმა პოლიტიკოსმა ჩრდილოელ მეზობელთან მის წინამორბედზე უფრო ხისტი კურსის გატარებას დაუჭირა მხარი.

„თუმცა ჩრდილოეთსა და სამხრეთს დიალოგისთვის კარი ღია უნდა დარჩეს“, - განაცხადა იოლიმ.

„თუ ჩრდილოეთ კორეა მართლაც დაიწყებს სრული ბირთვული განიარაღების პროცესს, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას წარვუდგენთ ამბიციურ გეგმას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკას გააძლიერებს და იქაური ხალხის ცხოვრების დონეს აამაღლებს“

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთის ბირთვული შეიარაღების პროგრამა საფრთხე წარმოადგენს არა მხოლოდ სეულისთვის, არამედ მთელი ჩრდილოაღმოსავლეთი აზიისთვის.

ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის „პრევენციულად, წინსწრებით“ გამოყენებას განიხილავენ.

წელს ფხენიანმა 14 რაკეტის გამოცდა ჩაატარა.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა „ტაქტიკური“ ბირთვული შეიარაღების განვითარებას აპირებს, რაც ატომური არსენალის გამოყენებას უფრო ადვილს გახდის.

ყოფილი გენერალური პროკურორი ჩინეთის მიმართ უფრო მკაცრ მიდგომას და სეულის მთავარ მოკავშირე ვაშინგტონთან ურთიერთობების განმტკიცებას ემხრობა.

მსგავსი სიახლეები