ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ფერნანდო ვილავისენსიო.

59 წლის პოლიტიკოსი უკვე მანქანაში ჯდებოდა, რა დროსაც მას მამაკაცი მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა.

მოგვიანებით, ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელიც დაიჭრა და გარდაიცვალა.

დაშავდა კიდევ ცხრა ადამიანი, მათ შორის, პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ორი პოლიციელი.

მკვლელობის უკან, დიდი ალბათობით, ნარკო-კარტელები დგანან.

მართალია, ფერნანდო ვილავისენსიოს არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსები არ ჰქონია, თუმცა ის ერთ-ერთი იყო იმ ცოტაოდენი კანდიდატიდან, ვინც კარტელებისა და მთავრობის კავშირზე ხმამაღლა ლაპარაკს ბედავდა.

წინა კვირას მან ისიც განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკო-ტრეფიკინგში ჩართული ბანდა დაემუქრა.

ფერნანდო ვილავისენსიოს მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეკვადორი წარსულში შედარებით მშვიდობიანი და სტაბილური ქვეყანა იყო, თუმცა ბოლო დროს ეკვადორში ნარკო-კარტელები მოძლიერდნენ. თავის მხრივ, ამან ძალადობრივი დანაშაულის მატებაც გამოიწვია.

ეკვადორში წელს ეს უკვე პოლიტიკოსის მკვლელობის მესამე გახმაურებული შემთხვევაა.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.

 

მსგავსი სიახლეები