ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა ბანკირმა, გილერმო ლასომ გაიმარჯვა
ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოულოდნელად, მემარჯვენე-ცენტრისტმა კანდიდატმა და ყოფილმა ბანკრიმა გილერმო ლასომ გაიმარჯვა. მეორე ტურამდე ჩატარებული გამოკითხვები გამარჯვებას ლასოს კონკურენტს უწინასწარმეტყველებდნენ.
პირველადი შედეგებით ლასომ ხმათა 52% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ანდრეს არაუზმა - 47.4%; არაუზი ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტის, რაფაელ კორეას პროტეჟედ მიიჩნივა. ლასოს ეკონომიკურ საკითხებზე მემარჯვენე შეხედულებები აქვს, სწორედ ამ გზავნილებზე იყო აგებული მისი წინასაარჩევნო კამპანიაც. ლასო სახელმწიფოს როლის შემცირებას და კერძო ინიციატივის წახალისებაზე საუბრობდა.
ლასოს მთავარი კონკურენტი კი მემარცხენე შეხედულებების ეკონომისტი ანდრეს არაუზი იყო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფოს როლის ზრდის და ეკვადორის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდ გარდაქმნაზე საუბრობდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ, არაუზმა მარცხი აღიარა და გილერმო ლასოს გამარჯვება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ლასოსთვის ეს მესამე საპრეზიდენტო რბოლა იყო - წინა ორ შემთხვევაში მან წარმატებას ვერ მიაღწია. ეკვადორში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა, საარჩევნო უბნებზე სულ 13 მილიონამდე მოქალაქე მივიდა, რომელთაც ამჟამინდელი, უკიდურესად არაპოპულარული პრეზიდენტის, ლენინ მორენოს შემცვლელი უნდა აერჩიათ.
წინასაარჩევნო კამპანიაში კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის თემა დომინირებდა. ანდრეს არაუზის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის, რაფაელ კორეას მხარდამჭერები არიან. თავად არაუზი ეკვადორში საყოველთაო ცნობადობით არ სარგებლობს, მეტიც - მან არჩევნებში ხმის მიცემაც ვერ შეძლო, რადგან ჯერ კიდევ მექსიკაშია დარეგისტრირებული, სადაც დოქტორანტურაზე სწავლობდა.
სწორედ კორეა უნდა ყოფილიყო არაუზის თანამებრძოლი, მაგრამ მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რაფაელ კორეა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2007-2017 წლებში იკავებდა ამჟამად ცოლის სამშობლოში, ბელგიაში ცხოვრობს. კორეას კორუფციის ბრალდებით პირველი ინსტანციის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, კორეას გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე კვლავაც ძალიან დიდია.
ბევრი ექსპერტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებიც სწორედ კორეიზმისა და ანტიკორეიზმის დაპირისპირებას წარმოადგენდა. რაც შეეხება გილერმო ლასოს - 2013 წელს ლასო რაფაელ კორეასთან, ხოლო 2017 წელს მოქმედ პრეზიდენტ, ლენინ მორენოსთან დამარცხდა.
არჩევნებში პირველ ტურში დიდი უპირატესობით სწორედ კორეას პროტეჟემ, ანდრეს არაუზმა გაიმარჯვა. არაუზმა ხმათა 33% მიიღო, ხოლო ლასომ 20%. ლასოს გამარჯვებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა იაკუ პერეზის საპროტესტო კამპანია. იაკუ პერეზი აბორიგენების პარტიის პოლიტიკური ლიდერია - პირველი ტურის შემდეგ მან განაცხადა, რომ საყოველთაო გაყალბების მსხვერპლი გახდა და მის მომხრეებს ბოიკოტისკენ მოუწოდა.
ლასო პრეზიდენტის პოსტს 24 მაისს დაიკავებს. მას პირველივე დღეებიდან უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება მოუწევს. გასულ წელს ეკვადორის ეკონომიკა 7.8%-ით შემცირდა, ქვეყნის მთლიანი ვალი 64 მილიარდი დოლარია, რაც მშპ-ს 63%-ს აღემატება. ამასთანავე, ეკვადორში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა - ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, სულ გამოვლენილია ინფიცირების 340 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 000 პაციენტი.